მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი, გერმანული Volkswagen-ი ჩინეთის ქალაქ ნანკინში მდებარე ქარხანას დახურავს.
გერმანული Handelsblatt-ის ინფორმაციით, საწარმოო პროცესი უკვე შეწყდა, ხოლო ქარხანა ოფიციალურად მიმდინარე წლის მეორე ნახევარში დაიხურება.
აღნიშნულ ქარხანას Volkswagen-ი ჩინურ პარტნიორთან, SAIC-თან ერთად ფლობდა, ხოლო ტერიტორიის და ქარხნის ადგილმონაცვლე, სავარაუდოდ, სწორედ ჩინური კორპორაცია იქნება, რომელიც ნანკინში ელექტრომობილების წარმოებას გააგრძელებს.
ნანკინის ქარხანაში Volkswagen-ის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სედანი Passat-ი იწარმოებოდა, რასაც გერმანული ავტოკონცერნი სხვა ახლომდებარე ქარხანაში გადაიტანს. თავად ქარხნის დახურვის ფაქტი კი ადასტურებს იმ საგანგაშო მდგომარეობას, რომელიც Volkswagen-ისთვის ჩინეთში შეიქმნა. ერთ დროს, Volkswagen-ი ჩინელების საყვარელი ბრენდი იყო, მაგრამ ახლა ადგილობრივი მოთამაშეების მხრიდან კონკურენცია იმდენად გამძაფრდა, რომ Volkswagen-ის გაყიდვები მკვეთრადაა შემცირებული.




























