მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ის გლობალური გაყიდვები მეორე კვარტალში 8.6%-ით შემცირდა

Volkswagen1

Volkswagen-ის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 8.6%-ით შემცირდა. როგორც ირკვევა, გერმანული ავტოგიგანტის მაჩვენებლების კლება ჩინეთის ბაზარზე არსებულმა სირთულეებმა გამოიწვია, რამაც ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში დაფიქსირებული ზრდა გადაწონა.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, რომელიც ავტომწარმოებლის უმსხვილეს ბაზრად მიიჩნევა, მიწოდება 36.6%-ით შემცირდა. რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ჩრდილოეთ ამერიკაში გაყიდვები 7.7%-ით გაიზარდა, დასავლეთ ევროპაში კი მაჩვენებლის მატებამ 1.8% შეადგინა. კომპანიის გაყიდვების კომიტეტის წევრმა, მარკო შუბერტმა განაცხადა, რომ ჩინეთში ვითარება კვლავ გამოწვევად რჩება. მისი თქმით, ბაზრის საერთო 20%-იან კლებას კომპანიამ თავი ვერ აარიდა.

პარალელურად, ჩინეთის ბაზარზე მიწოდების შემცირების შესახებ განცხადება სხვა გერმანულმა ბრენდებმაც გააკეთეს. მიმდინარე კვირაში მეორე კვარტალში გაყიდვების კლების შესახებ Mercedes-Benz-მა, BMW-მ და Porsche-მაც განაცხადეს. ექსპერტების შეფასებით, ჩინურ ბაზარზე არსებულ ნეგატიურ ტენდენციაზე გავლენა ადგილობრივი კონკურენტების გააქტიურებამ და მოთხოვნის საერთო შემცირებამ იქონია.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიწოდების კლების ფონზე Volkswagen-ი მასშტაბურ რეფორმას ამზადებს. კომპანიის გეგმა მიზნად მოგებიანობის გაზრდას ისახავს, რაც შესაძლოა 100,000 სამუშაო ადგილის შემცირებით დასრულდეს.

გაყიდვებთან დაკავშირებით მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ Volkswagen-ის აქციების ფასი 1.18%-ით შემცირდა. ამჟამად ერთი აქცია €72.00-ად ($77.7) იყიდება, კაპიტალიზაცია კი €38.88 მილიარდს ($42 მლრდ.) შეადგენს.

ცნობისთვის, Volkswagen-ი გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელია. გერმანული ბრენდი მსოფლიო ავტოინდუსტრიაში ლიდერ პოზიციას ათწლეულებია ინარჩუნებს და არაცერთ ცნობილ და პოპულარულ კონცერნს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები