„პოლიტიკა და საზოგადოებრივი მოძრაობა არ არის თავშესაფარი მაშინ, როდესაც გედავებიან 17 მლნ-ის "აორთქლებაზე", ამაზე უნდა გასცე პასუხი და არა, ედავო ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკაში შენ წინააღმდეგ გალაშქრებას აბრალებ,“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
საქმე იმაშია, რომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადებების გავრცელების გამო, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ გიორგი ვოლსკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს და მისთვის 221 952 ლარის ფინანსური სანქციის დაკისრებას ითხოვს, რომელიც ახალგაზრდების განათლების დაფინანსებაში ჩაიდება.
უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, როდესაც პოლიტიკაში შემოდიხარ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხები უნდა გქონდეს, ჯაფარიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ვოლსკი „ყურადღების მიქცევის ახალ ფანდს“ უწოდებს.
„თუ 221 ათასის ჩადება უნდა, განათლებაში ჩადოს, ფული არ აქვს თუ რა, თუ უნდა მე კრედიტი მომცეს და შემდეგ ამ კრედიტით მის ანგარიშზე შევიტან თანხას და იქიდან დახარჯოს ახალგაზრდების განათლებისთვის.
რა უბედურებაა, ეს რა არის? რა გადაწყვიტა, რომ ამით ყურადღებას მიიქცევს და პოლიტიკურ ველზე პოზიციებს უფრო გაიძლიერებს? საინტერესოა, რას ფიქრობს საერთოდ ამასთან დაკავშირებით?
განცხადებები გააკეთოს იმასთან მიმართებაში, რა უყვეს იმ 17 მლნ დოლარს, როგორი სქემით მოახერხეს გაცემა ისე, რომ ამ კრედიტზე მომსახურება უზრუნველყოფილი არ იყო. თანხა როგორ მიიღეს საკუთარ ანგარიშზე და როგორ გადარიცხეს თუ გადაიყვანეს ოფშორულ ზონაში?“, - განაცხადა ვოლსკიმ.

























