„ბალანსი“ მომხმარებლებს განახლებულ ვებგვერდსა და უფრო მაღალცილოვან მენიუებს შესთავაზებს. როგორც ჯანსაღი კვების რაციონის სერვისის თანადამფუძნებელი, ნუცა სურგულაძე BMG-სთან ამბობს, მზარდი მოთხოვნის ფონზე, კომპანია პროდუქციის დახვეწასა და სერვისის გაუმჯობესებაზე მუშაობს.
"მოთხოვნა გაზრდილია. ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა სტაბილურად ნარჩუნდება და არ დავარდნილა. ვცდილობთ, კიდევ უფრო დავხვეწოთ პროდუქტი. ახლა ვქმნით ახალ, უფრო მაღალცილოვან მენიუებს, რადგან ბაზარზე სწორედ ამაზეა მოთხოვნა.
გარდა ამისა, მოვამზადეთ ახალი ვებგვერდი, რომელიც სულ მალე ჩაეშვება. მომხმარებელს მენიუების შესახებ ბევრად უფრო დეტალურ ინფორმაციაზე ექნება წვდომა. გავაკეთეთ ბევრად თანამედროვე, საინტერესო და მარტივად მოსახმარი საიტი, სადაც ხელოვნური ინტელექტიც (AI) არის ჩაშენებული. მომხმარებელს უფრო გაუადვილდება შეკვეთის განთავსება და მეტ დეტალს მიიღებს საკუთარ შეკვეთასთან დაკავშირებით",- ამბობს ნუცა სურგულაძე.
მისივე თქმით, სამომავლო გეგმებში ახალი ფილიალის დამატება შედის, თუმცა ახლა აქცენტი ახალი საწარმოს სრულად ათვისებაზეა, რომელშიც “ბალანსი" წელს გადავიდა.
"წელს ერთი ახალი ფილიალი დიღომში გავხსენით. გაფართოებას მომავალ წელსაც ვგეგმავთ, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი საწარმოს დასრულებაზე გვაქვს. საწარმოს მხოლოდ ერთი მესამედია შევსებული და ორი მესამედი დაგვრჩა. მას შემდეგ, რაც საწარმოს სრულად აღვჭურვავთ საჭირო ინვენტარითა და დანადგარებით, დამატებით ფილიალებსაც გავხსნით",- აღნიშნავს ნუცა სურგულაძე.






















