მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

VTB-ის დირექტორი: დოლარში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო მოთხოვნების გაზრდა სადამსჯელო ინსტრუმენტია

579f3ef012c7a
თელარა გელანტია
01.08.16 16:19
2311
VTB ბანკის გენერალურ დირექტორ არჩილ კონცელიძეს უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის 15%-დან 20%-მდე გაზრდა არ მოსწონს. ამის შესახებ კონცელიძემ „ბიზნესკონტრაქტს“ საქართველოს ეროვნული ბანკის იმ გადაწყვეტილების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმად, 16 ივნისიდან, ეროვნული ვალუტით 1 წლამდე ვადიანობით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმად 7% განისაზღვრა, ნაცვლად 10%-ისა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი, სარეზერვო ნორმა პირიქით - 15%-დან 20%-მდე გაიზარდა.

"ეს გადაწყვეტილება არ მომწონს. ვფიქრობ, ეს არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც ხელს შეუწყონს ლარიზაციას. უფრო დიდი პრობლემაა გრძლევადიანი ლარის არსებობა. შესაბამისად, თუ პრობლემის გადაჭრა გვინდა, უნდა ვიფიქროთ გრძელ ლარზე, ვიდრე გრძელი დოლარის შემცირებაზე", - განაცხადა კონცელიძემ და დასძინა, რომ ლარიზაციას უფრო მეტად შეუწყობს ხელს ე.წ. "გრძელი ლარის" რესურსის შექმნა, რაზეც მთავრობა მუშაობს.

ამასთან, არჩილ კონცელიძემ ისიც აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება გაზრდის დოლარის სესხის თვითღირებულებას და შესაბამისად, ლარის სესხი დოლართან შედარებით უფრო კონკურენტული გახდება.

"ამიტომ მოსახლეობა უფრო აირჩევს ლარს, ვიდრე დოლარს, რადგან დოლარი ცოტა გაძვირდება. ანუ იქონიებს გავლენას, მაგრამ ეს უფრო რაღაც დამსჯელი ინსტრუმენტია, ვიდრე ხელშემწყობი და მე მაინც ყოველთვის უფრო ხელშემწყობი ინსტრუმენტის მომხრე ვარ. აქედან გამომდინარე, არ მიხარია და არ მომწონს არცერთი დამსჯელი ინსტრუმენტი", - აცხადებს VTB ბანკის გენერალურ დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები