საკოორდინაციო შტაბი, განცხადებას ავრცელებს, სადაც არაფერი წერია სტიქიის შედეგებზე, თუმცა გურიის მხარე წერს, რომ უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე.
ასევე, სთხოვენ მოსახლეობას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას
"მოგეხსენებათ, რომ სტიქიიდან გამომდინარე, დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით გურიისა და აჭარის რეგიონებში, არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის დასახმარებლად, მათ შორის მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, მძიმე ტექნიკა, ხდება პრიორიტეტების განსაზღვრა და დავალებების გადანაწილება შესაბამისი მიმართულებით.
მსგავს რთულ ვითარებაში, დამატებით, დიდ პრობლემებს ქმნის არასწორი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც ძირითადად სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება. არასწორი ინფორმაცია კი იწვევს უსაფუძვლო პანიკას, დაბნეულობას მოსახლეობაში, ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს საკოორდინაციო შტაბის მუშაობას.
ასევე, უაღრესად კონტრპროდუქტიულია ეგრეთწოდებული მოხალისეობრივი ინიციატივების გამოჩენა შტაბთან კოორდინაციის გარეშე, რადგან უკვე დღეს, გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც თავად მოხალისეების დასახმარებლად გახდა საჭირო მძიმე ტექნიკის გამოყენება და სამაშველო სამუშაოები.
ვთხოვთ ყველას, საკოორდინაციო შტაბის გარეშე ნუ დაგეგმავთ აქტივობებს, ნუ შეუშლით ხელს შტაბის მუშაობას და ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც საბოლოო ჯამში არათუ ხელს უწყობს, არამედ ძალიან უშლის ხელს შესაბამის სამსახურებს მოქალაქეების დახმარების პროცესში", - წერს შტაბი.




























