მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს - რატი თვალავაძე

რატი თვალავაძე

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი რატი თვალავაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ტოვებს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს. მიზეზი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაა. ის მოუწოდებს საჯარო მოხელეებს, საკუთარი პოზიცია ხმამაღლა დააფიქსირონ.

რატი თვალავაძის განცხადებას, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, BMG უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, ყველა ზღვარი გადალახულია, დამდგარია გადამწყვეტი მომენტი. ვტოვებ თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს, პატივს ვცემ აქ გატარებულ თითოეულ დღეს და ვაჟკაც ოფიცრებსა და სერჟანტებს, რომლებთანაც ურთიერთობა ყოველდღიურად მქონდა, ვაფასებ იმასაც, რაც ერთად გაგვიკეთებია აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავებისა და დასავლურ ინსტიტუციებთან ურთიერთთავსებადობისთვის, თუმცა კაბინეტებში გამოკეტვის დრო აღარაა, აღარაა დრო არც ევფემიზმების, აბსტრაქციებისა თუ დიდაქტიკის; ახლა დრო არის ერთადერთის - პროტესტის. დღეს, რადგან სხვა შემთხვევაში - ხვალ აღარ იქნება.

მოვუწოდებ ყველა ჩემს მეგობარ თუ არამეგობარ საჯარო მოხელეს ყველა უწყებაში, დააფიქსირეთ პოზიცია ხმამაღლა და დააფიქსირეთ ახლა, დატოვეთ თანამდებობები, გამოდით ქუჩებში.

მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს, დაუდგნენ დემონსტრანტებს გვერდით ყველა იმ საშუალებით, რომლებიც აქვთ - განცხადებებით, სანქციების მოთხოვნით საკუთარი მთავრობებისგან.

მოვუწოდებ ჩემს სტუდენტებს (რომელთაც მოწოდება ისედაც ყველაზე ნაკლებად სჭირდებათ), ის, რაზედაც წლების მანძილზე აუდიტორიებში გვისაუბრია საფრთხის ქვეშაა - იმ თავისუფლებას, რომელიც გვაძლევდა შესაძლებლობას თამამად გვესაუბრა იდეებსა და ღირებულებებზე, უპირებენ ფეხ-ქვეშ გათელვას. ისედაც ყველას კარგად გესმით, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ - დასავლეთთან კავშირების საბოლოო ჩაჭრა ნიშნავს ბნელ პრორუსულ ტოტალიტარიზმს, რომელიც შემოაღწევს ყველა აუდიტორიასა და უკლებლივ ყველა იმ ოჯახში, რომელიც არ გაუწვება რეჟიმს. დაიცავით საკუთარი მომავალი ახლა!

და მუდმივად გქონდეთ რწმენა: ეს არ იქნება 1921, საქართველო არ დაკარგავს დამოუკიდებლობას; და ჩვენ ვერავინ, ვერავინ, ვერავინ ვეღარასდროს დაგვაბეჩავებს - საქართველო არ იქნება ჩეჩნეთი და საქართველოს შვილებს რუსები ვერ წაიყვანენ თავიანთ ბინძურ და სხვა ერების გამაუბედურებელ ომებში, გადავთელავთ ყველას, ვინც წინ დაგვიდგება ცივილური, ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე", - წერს რატი თვალავაძე.

ინფორმაციისთვის: "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ემიჯნება საგარეო საქმეთა, თავდაცვის, განათლების და იუსტიციის სამინისტროების ასობით თანამშრომელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები