"ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე ამბობს, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ხიდზე სამუშაოები მიმდინარეობს. მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან განაცხადა.
2023 წელს სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ბურჯი ჩავარდა, რასთან დაკავშირებითაც გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიების შესახებ კითხვის საპასუხოდ, მათ შორის იმის შესახებ, საქმეში იკვეთება თუ არა შესაძლო კორუფცია, სოხაძემ განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რა ეტაპზეა გამოძიება ან რა მიმართულებით მიმდინარეობს.
"მართლა ძალიან სამწუხარო ფაქტია. ჩემთვისაც ცნობილია, რომ მიმდინარეობს სისხლის სამართლის გამოძიება. ჩვენი უწყება დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ამ კუთხით, თუკი რაიმე ინტერესი არსებობს საგამოძიებო სტრუქტურიდან, თუმცა მე ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. შესაბამისი ორგანოები გააკეთებენ განცხადებას. როდესაც ხარისხზე, დამატებით კონტროლზე ვსაუბრობთ, ზუსტად იმას ვგულისხმობთ, რომ ასეთი შემთხვევები არასდროს უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში.
ხიდზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაჩქაროთ ეს პროცესი, რომ აღნიშნული მონაკვეთი რაც შეიძლება მალე გაეშვას ექსპლუატაციაში",- თქვა რევაზ სოხაძემ.
სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა.




























