მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვცდილობთ ევროპელ მომწოდებლებთან საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ - Matters

მეთერსი

ქალის ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი Matters ბაზარზე 2018 წელს, 3000 ლარიანი ინვესტიციით გამოჩნდა. ბრენდის სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე “მეთერსის” თანადამფუძნებელმა ელენე კახიძემ BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

Matters პროდუქცია იქმნება საქართველოში. ბრენდი თანამშრომლობს რამდენიმე სამკერვალოსთან და დასაქმებული ჰყავს კერძო მკერავებიც, რომლებსაც სისრულეში მოჰყავთ ჩვენი ჩანაფიქრები. ნედლეულის შერჩევის პროცესს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად ბუნებრივი და მაღალი ხარისხის მასალა გამოვიყენოთ. საჭირო მასალის გარკვეულ ნაწილს გვაწვდიან ადგილობრივი მომწოდებლები, რომლებსაც პროდუქტი შემოაქვთ მეზობელი ქვეყნებიდან. ბრენდის კოლექციებში გამოყენებული აბრეშუმის გარკვეული წილი ჩინეთიდანაა შემოტანილი და ამ ეტაპზე ვცდილობთ საქმიანი ურთიერთობები დავამყაროთ ევროპელ მომწოდებლებთან, რათა მომხმარებელს შევთავაზოთ მეტად გამორჩეული და მრავალფეროვანი პროდუქტი”, - განაცხადა მან.

ნედლეულზე საუბრისას, დამფუძნებელი ამბობს, რომ არსებულ სფეროში ქართული კომპანიები ძალიან დიდ სირთულეს აწყდებიან ნედლეულისა და მომწოდებლების სიმწირის გამო.

“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე ნედლეულის და მომწოდებლების სიმწირეა, ეს გარემოება სამწუხაროდ გვზღუდავს ადგილობრივ მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროდუქცია, მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს უნიკალურობის შენარჩუნება. ალბათ შეგიმჩნევიათ დღეს საქართველოში ტანსაცმლის ახალ-ახალი ბრენდები დიდი სიხშირით ჩნდებიან ონლაინ სივრცეში. გამოუცდელობის გამო, თავის დამკვიდრების სურვილით, თუ სხვა მიზეზით, ისინი ერიდებიან თამამი ნაბიჯების გადადგმას და აქედან გამომდინარე სოციალურ ქსელებში შეხვდებით ბევრ ბრენდს, რომელიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს”, - თქვა მან.

ამასთან, ელენე კახიძემ BMG-სთან ინტერვიუში თქვა, რომ წელს  ფეხსაცმელზე მუშაობაც დაიწყეს.

“აქამდე მომხმარებლებს მხოლოდ ტანისამოსს და მცირე დოზებით აქსესუარებს ვთავაზობთ, დღეს კი ქალებს შესაძლებლობა აქვთ სრული "ლუქი" ჩვენთან შეარჩიონ. ბრენდი სამომავლოდ ფეხსაცმლის მიმართულებით უფრო აქტიურ მუშაობას გეგმავს და რა თქმა უნდა, პროდუქციის გატანას ექსპორტზე. ასევე გვსურს კაცის ხაზის დამატებაც”, - თქვა კახიძემ.

Matters გუნდში ხუთი ადამიანია დასაქმებული, ბრენდი ასევე თანამშრომლობს სამ სამკერვალოსთან და სხვადასხვა კომპანიასთან. ბრენდის თვიური წარმადობა საშუალოდ 300 ერთეულია. საერთაშორისო ბაზარზე მისი კოლექცია წარმოდგენილია პოლონეთსა და ისრაელში, დამფუძნებლების მეგობრის შოურუმებში, ამასთან, კომპანია წარმატებით ფუნქციონირებს პლატფორმა  ETSY.com-ზე.  ამ ეტაპზე Matters-ის პროდუქციის შეძენა მხოლოდ ონლაინაა შესაძლებელი, ვებ-გვერდზე www matters.ge-სა და ასევე Facebook და Instagram გვერდებზე.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები