ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლევან მახაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დამტკიცებული ცვლილებები ძალადობის პრევენციაზეა გათვლილი.
“ჩვენ ყოველდღიურად ვაანალიზებთ იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რაც ჩვენს საზოგადოებაშია. ვცდილობთ, რომ ისეთი მექანიზმები შემოვიტანოთ, რომელიც თავიდან აგვარიდებს ახალ-ახალ პრობლემებს. ეს კანონმდებლობაც გათვლილია იმაზე, რომ ყოველგვარი ძალადობის პრევენცია მოხდეს. საერთო ჯამში ძალადობის 100%-იანი პრევენცია, რა თქმა უნდა, ვერცერთ საზოგადოებაში ვერ ხდება. მაგრამ კანონმდებლობის მთავარი არსი არის ის, რომ მოხდეს დანაშაულების პრევენცია. თავისი არსით, ზოგადად, კანონები არის რეპრესიული, ლოგიკურია, იმიტომ რომ შეაკავოს ადამიანები გარკვეული ტიპის დანაშაულების ჩადენისგან“ - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, 6 თებერვალს, ერთპარტიულმა პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი - "შეკრებისა და გამოხატვის შესახებ" კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები - რომლის მიზანსაც, საიას შეფასებით, პროტესტის ჩახშობა წარმოადგენს.




























