ელექტრონული მუსიკისა და მაღალმთიანი კურორტების გაერთიანების მიმართულება საქართველოშიც ვითარდება. კომპანია „დალა ივენთსმა“ სვანეთში, თეთნულდის სათხილამურო კურორტზე, ზღვის დონიდან 2700 მეტრზე მუსიკალური ღონისძიებების ახალი ფორმატი შექმნა და 2027 წლისთვის მის გაფართოებას გეგმავს.
პროექტის თანადამფუძნებელი დემეტრე თორდია BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, რომ იდეა 2025 წელს, სვანეთში მოგზაურობისას გაჩნდა. 2026 წელს კომპანიამ უკვე 5 საპილოტე ღონისძიება ჩაატარა, რომლებმაც, მისივე თქმით, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სტუმრების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.
"თავიდანვე გვინდოდა შეგვექმნა პროექტი, რომელიც ელექტრონულ მუსიკას მთასთან, ბუნებასა და სიმაღლესთან დააკავშირებდა. ამასთან, თეთნულდს განვითარება ძალიან სჭირდება და გვინდოდა, სვანეთში რაღაც ახალი შემოგვეტანა. საპილოტე ღონისძიებებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, პროექტისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა.
2026 წელს უკვე 5 ეპიზოდი ჩავატარეთ, რამაც მოგვცა მოტივაცია, რომ 2027 წელს ღონისძიება ფართო მასშტაბით ჩავატაროთ. სექტემბრიდან უკვე დავიწყეთ მზადება - ვაფართოებთ ინფრასტრუქტურას, პარტნიორებთან კავშირებს და ვცდილობთ, უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ“, - აღნიშნა მან.
თორდიას შეფასებით, პროექტს საერთაშორისო ტურისტების მოზიდვის პოტენციალიც აქვს. მისი თქმით, უცხოელი სტუმრების ინტერესს განსაკუთრებით ის განსხვავებული გამოცდილება იწვევს, რომელსაც მთაში, ღია სივრცეში ელექტრონული მუსიკის მოსმენა ქმნის.
„მათი ინტერესი მხოლოდ ელექტრონული მუსიკა არ არის. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ღია სივრცეში ხდება. ჩვენი დეკორი, ასე ვთქვათ, მთები და მწვერვალებია, რაც პროექტს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. ვფიქრობთ, რომ ამ იდეის განვითარება მომავალში აუცილებლად გაგრძელდება“, - განაცხადა „დალა ივენთსის“ თანადამფუძნებელმა.
რაც შეეხება ბიზნესმოდელს, აღსანიშნავია, რომ ღონისძიებებზე დასწრება ამ ეტაპზე უფასოა. კომპანიის შემოსავლის ძირითადი წყარო ბარისა და კვების მიმართულებაა. თორდიას თქმით, პირველ ეტაპზე მათი მთავარი მიზანი ხარისხიანი ფორმატის შექმნა და აუდიტორიის გაზრდაა, რის შემდეგაც მდგრადი ბიზნესმოდელის განვითარება იგეგმება.
დემეტრე თორდია მაღალმთიან ლოკაციაზე ღონისძიებების ორგანიზების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ლოგისტიკას ასახელებს. 2700 მეტრის სიმაღლეზე საჭირო ინვენტარის მიტანას საბაგირო, ტრაქტორი და სპეციალური თოვლმავლები სჭირდება. პროექტის განხორციელებაში კომპანიას მთის განვითარების სააგენტოც ეხმარება. 2026 წლის საპილოტე ღონისძიებების პარტნიორები იყვნენ „GD Alco“ და „ნატახტარი“, პროექტში კი მოგვიანებით მთის განვითარების სააგენტოც ჩაერთო.





















