ხელნაკეთი ხის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ვუდთინსის“ პროდუქცია ექსპორტზე გადის. როგორც გადაცემა „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას ბრენდის დამფუძნებელმა, თამთა მოსიაშვილმა განაცხადა, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და 2024 წელს „ვუდთინსის“ პროდუქცია იტალიაში, გერმანიასა და აშშ-ში გამოჩნდება.
„ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში, როგორც საქართველოში, აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ და სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი ბრენდის მიმართ ინტერესი. ჯერჯერობით იტალიასთან, გერმანიასთან და აშშ-სთან გვაქვს მოლაპარაკებები და „ვუდთინსიც“ მომავალ წელს სწორედ ამ ქვეყნებში გამოჩნდება,“ -აღნიშნავს თამთა მოსიაშვილი.
„ვუდთინსის“ ბრენდის ქვეშ მზადდება სხვადასხვა ტიპის აქსესუარები: გულსაბნევები, საყურეები, სამაჯურები, საკიდები, თუმცა ბრენდის ძირითადი მიმართულება გულსაბნევებია.
„გულსაბნევების 700 მდე სხვადასხვა დიზაინია ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი, დროთა განმავლობაში კოლექციები იცვლება და ახლდება. ამ ეტაპზე კი რამდენიმე მიმართულება გვაქვს. “ - განაცხადა თამთა მოსიაშვილმა.
„ვუდთინსის“ პროდუქცია ხისგან და ორგანული მინისგან მზადდება, რომლის ღირებულება საშუალოდ 10-15 ლარია და რომელსაც 8 ადამიანისგან შემდგარი გუნდი 5 წელია ქმნის.