თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივას, რაც სასწავლო პროცესის შეწყვეტას გულისხმობს, GIPA-ს სტუდენტების ნაწილიც უერთდება.
სტუდენტები წერენ, რომ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ, უნივერსიტეტში მისვლას აღარ აპირებენ.
"ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე.
ხელისუფლება, რომელიც ღალატობს ქართველი ერის ურყევ ნებას და სცდება კონსტიტუციას, გვაიძულებს სტუდენტებს გამოვაცხადოთ გაფიცვა. ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია მიმდინარე პროცესების ფონზე, მშვიდად ვისხდეთ აუდიტორიებში და თეორიულად შევიმეცნოთ ის ღირებულებები, რომლებსაც პრაქტიკაში მმართველი ძალა უგულებელყოფს.
მივმართავთ ჯიპას აკადემიურ პერსონალსა და ჩვენთვის პატივცემულ ლექტორ-პროფესორებს - ახლა, როცა საფრთხე ემუქრება სახელმწიფოს დემოკრატიასა და ევროინტეგრაციის პროცესს, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენგან პასუხს ელის, როცა ხელისუფლება რეპრესიებით გვემუქრება, აღარ არის აუდიტორიაში ყოფნის დრო, გთხოვთ შემოგვიერთდეთ. სტუდენტები აღარ ვაპირებთ მშვიდობიანი პროტესტის ბრუტალური ფორმით მრავალჯერ დარბევის შემდეგ უნივერსიტეტში მისვლას. ვუერთდებით საერთო-სახალხო პროტესტს რუსთაველის გამზირზე და ვწყვეტთ აკადემიურ პროცესს რუსული კანონის გაწვევამდე. გავიმარჯვებთ სახელოვნად," - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 მაისს, თსუ-ს სტუდენტების ნაწილმა განაცხადა, რომ ორშაბათიდან რუსული კანონის პროტესტის ნიშნად აუდიტორიებში აღარ შევლენ. მათ ლექტორებსა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსაც მოუწოდეს იგივე ქმედებისკენ.