დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერი, კახა კალაძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და „რუსული კანონის“ ვეტოს დაძლევა საზოგადოებას მიულოცა.
მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას საქართველო ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
„მინდა გამოვეხმაურო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მოვლენებს. გუშინ, პარლამენტის სესია იყო და მინდა გითხრათ, რომ ვეტო დაძლეულია. კანონი, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ მიღებულია და შესულია ძალაში.
მინდა მივულოცო ყველას, ვისთვისაც ძვირფასია საქართველოს ბედი. მისი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ქვეყნის მომავალს წყვეტდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში, არჩევნების გზით, როგორც ყველა ცივილიზებულ, დემოკრატიულ ქვეყნებშია და არა გარე აქტორების ჩარევით.
მეგობრებო, ეს არ არის პათეტიკური სიტყვები. დღეს საქართველოს ბედი წყდება არა ხმლით, არა ტანკით, არამედ მოსახლეობის მხარდაჭერით, განმტკიცებული, გონივრული, ქვეყნის ინტერესებზე მორგებული პოლიტიკით და კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით.
გამჭვირვალობის კანონმა უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყანა, ყველა იმ უცხოური ძალების გავლენისგან, რომელთა მიზანიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა და მშვიდობის დარღვევაა.
ბოლო თვეების მანძილზე ჩვენმა საზოგადოებამ წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა იხილა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ გავბედეთ და დავიცავით საკუთარი ქვეყანა იმ სცენარისგან, რაც სამწუხაროდ უკრაინაში განხორციელდა. რომ გავბედეთ და ყველას გასაგონად მოვითხოვეთ დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ არ შეიძლება მივიღოთ კანონი, რომელიც როგორც ევროპის რიგ ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. რატომ შეიძლება იყოს გამჭვირვალობა ცუდი და რატომ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პასუხი და მოყვანილი იყო ერთი არგუმენტი, ეს არგუმენტი იყო - იმიტომ",- განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ცნობით, ის რაც საფრანგეთისთვის არის ნებადართული, სადაც სულ ახლახან მიიღეს ანალოგიური კანონი, საქართველოსთვის აკრძალულია, რაზედაც ახსნა-განმარტებები ხელისუფლებამ ვერ მოისმინა.