მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვურჩიე, თავად შეხვედროდნენ კერძო სექტორს - ღარიბაშვილი რუს ბიზნესმენზე

62692d5165ed1
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.22 15:50
782
დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერნეტში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მილიარდერ ვლადიმირ ევტუშენკოვის წარმომადგენელ ალი უზდენოვთან პირდაპირი შეხვედრა არ ჰქონია. ღარიბაშვილის განცხადებით, მან ბიზნესმენ დავით ხიდაშელს ურჩია, რომ ალი უზდენოვთან ერთად შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან გაემართა.

“რაც შეეხება შეხვედრას, რა მოხდა რა აჟიოტაჟია ატეხილი? ბიზნესმენი დავით ხიდაშელი... მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და არ მინდა გავმეორდე.

მან მართლაც მომმართა, რადგან არსებობდა ბიზნეს შემოთავაზებები. მე ვუთხარი, რომ არ ვიყავი თბილისში და გადავამისამართე კერძო სექტორთან. დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა ბიზნეს სექტორს.

რამე შედეგი მოჰყვა ამას? ნული...

ვურჩიე, რომ ხორბლის იმპორტიორებს თავად შეხვედროდა ის [დავით ხიდაშელი და ალი უზდენოვი].

ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადებ - საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს არცერთი სანქცირებული იურიდიული და ფიზიკური პირის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ესაა პრინციპული გადაწყვეტილება, რომელიც არ გადაიხედება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გუშინ, ტელეკომპანია ფორმულას, ბიზნესმენმა ვლადიმირ ევტუშენკოვმა განუცხადა, რომ მისი წარმომადგენელი, ალი უზდენოვი ირაკლი ღარიბაშვილს მართლაც შეხვდა, თუმცა მასთან საუბარი ბიზნეს საკითხებს არ შეეხებოდა.

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა.

არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას ჰკითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - "ფორმულას" განუცხადა ვლადიმირ ევტუშენკოვმა.

13 აპრილს, AFK სისტემას დამფუძნებელ ვლადიმირ ევტუშენკოვს დიდმა ბრიტანეთმა პერსონალური სანქციები დაუწესა და მისი აქტივები გაყინა. Forbes-ის შეფასებით, ევტუშენკოვის ქონება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

25 აპრილს გავრცელდა ვლადიმირ ევტუშენკოვსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შემდგარი აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ევტუშენკოვი ივანიშვილს მის წარმომადგენელთან ალი უზდენოვთან შეხვედრას და მარცვლეულის თაობაზე გარკვეულ ბიზნესგარიგებას სთავაზობს. ჩანაწერის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი ალი უზდენოვს არ შეხვედრია, თუმცა ვლადიმირ ევტუშენკოვს უთხრა, რომ ამ საკითხებზე შეხვედრას ირაკლი ღარიბაშვილი გამართავდა.