„ვვარაუდობდი, რომ ამ დროისათვის მეტი დღგ-ს თანხა იქნებოდა ავტომატურად დაბრუნებული, რადგან ახალ სისტემაზე გადასვლამდე ამ ცვლილებას ბევრი კომპანია ითხოვდა“, - ასე შეაფასა საქართველში BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადება.
საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს ბიზნესმენებს დღგ-ს ავტომატურად დაბურუნების სისტემაში ჩართვისაკენ მოუწოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სისტემით 280 მილიონი ლარია დაბრუნებული, თუმცა გეგმით გათვალისწინებულია წლის ბოლომდე ნახევარი მილიარდი ლარის ანაზღაურება. ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, შესაძლოა, კომპანიების მხრიდან ჩართულობის დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა იყოს.
მისი თქმით, ბევრი მცირე და საშუალო საწარმოა, რომელთაც ეკუთვნით დღგ-ს დაბრუნება, მაგრამ ამის შესახებ არ იციან.
საქართველში BDO-ს მმართველი პარტნიორი ახალ სისტემას დადებითად აფასებს:
„ახალი სისტემა ავტომატურად გულისხმობს, რომ დღგ-ს დაბრუნების მოთხოვნის შემდეგ აღარ ხდება საგადასახადო ორგანოების მიერ კომპანიების შემოწმება“.

























