თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია შენიშვნებით თბილისის მერიას დაუბრუნა. მერია დოკუმენტს დააკორექტირებს და უკვე შეცვლილ ვერსიას საკრებულოში გადააგზავნის, სადაც 1 თვის ვადაში შესაბამისი დოკუმენტის დამტკიცება მოხდება. 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია მილიარდ 781 მილიონ ლარზე არის დაგეგმილი, რაც გასული წლის დაზუსტებულ ბიუჯეტს 241 მილიონი ლარით ჩამორჩება. ხოლო, დამტკიცებულ ვერსიაზე 62 მილიონი ლარით მეტია.
საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე ამბობს, რომ საკრებულოს მერიის მხრიდან ძირითადად ორი მიმართულებით აქვს ხოლმე რეკომენდაციის ხასიათის შენიშვნები. მისი თქმით, ერთი გამგეობების მიმართულებით გაძლიერებას გულისხმობს, ხოლო მეორე ბიუჯეტის პროექტში უფრო მეტი კონკრეტული, სახელობითი პროექტების ჩაწერას.
“ყოველწლიურად საკრებულოს მოთხოვნა არის, რომ გაძლიერებული იყოს გამგეობების მიმართულებები. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის ამ კუთხით გაცემული. ვინაიდან, ადგილზევე გამგეობების მეტი ეფექტიანი მუშაობა უფრო მეტი პრობლემის მოგვარების შესაძლებლობას იძლევა.
გავცემთ რეკომენდაციებს, რომ რაც შეიძლება მეტი კონკრეტიკა იყოს, მეტი სახელობითი პროექტი იყოს, მეტი მასშტაბური პროექტი იყოს, ყველა მიმართულებით ეს იქნება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა თუ სხვა.
თუნდაც სატრანსპორტო პოლიტიკის მხარდაჭერა იცით, რომ ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა, ამაზე ვცდილობთ, რომ მაქსიმალური აქცენტები გავაკეთოთ. ასევე დენდროლოგიური საკითხები, პარკების მშენებლობა, სკვერების რეაბილიტაცია. ის რაც რეალურად სჭირდება ქალაქს.”-ამბობს ირაკლი ხელაძე.
ირაკლი ხელაძის თქმით, წელს თბილისის ბიუჯეტის შემოსავლები ძირითადად ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხებით შეივსება. მისი თქმით, ბიუჯეტის პირველადი ვერსია კაპიტალური ტრანსფერების ხარჯზე დაკორექტირდება და სავარაუდოდ წელს 2.1 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
“საშემოსავლო ნაწილში პირველი არის ქონების პრივატიზებიდან შემოსული თანხები, ასევე საკუთარი შემოსავლები სხვადასხვა სიპ-ებიდან და აიპ-ებიდან, მოსაკრებლებიდან შემოდის. ასევე არის სპეციალური ტრანსფერები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ უკვე 2025 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის ვერსია გადააჭარბებს 2 მილიარდ 100 მილიონს ლარს.
ყოველწლიურად იზრდება შემოსავლები, ბიუჯეტის მოცულობა. ეს დინამიკა 2017 წლიდან არის მზარდი, არცერთი წელი არ ყოფილა წინა წლის ნიშნულზე უარესი. გვაქვს გაუმჯობესებული მოცულობები ყოველ წელს. შესაბამისად, ასეთი მოლოდინი გვაქვს წელსაც.
ძირითადად ხდება წლის განმავლობაში ბიუჯეტის კორექტირება კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე, თქვენ იცით, რომ ბოლო თვეების განმავლიბაში ეკონომიკის ზრდა სწრაფი ტემპებით ფიქსირდება. შესაბამისად, როცა იზრდება ცენტრალური ბიუჯეტი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მუნიციპალიტეტებისთვის და კონკრეტულად დედაქალაქისთვის მეტი თანხის მოთხოვნა შეგვძელოს.”-ამბობს ირაკლი ხელაძე.
გასული კვირის მიწურულს ირაკლი ხელაძეს საკრებულოში მუშაობის ბოლო დღე ჰქონდა, შესაბამისად, ქონებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის რანგში BM.GE-თან ბოლო ინტერვიუ ჰქონდა. ხელაძემ გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა.