მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვყალიბდებით ეკონომიკად, სადაც მაღალი ბრუნვები ქაღალდზე გენერირდება - გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მეტწილად კვლავ “ვირტუალურია” და ისეთი დარგების ხარჯზე იზრდება, რომელთაც მოსახლეობის ფართო სეგმენტზე დადებითი გავლენა ნაკლებად აქვს.

როგორც ხიშტოვანი BMG-სთან მარტში დაფიქსირებული 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას აცხადებს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით არაერთი გამოწვევა ფიქსირდება, მსგავსი მაღალი ზრდის ტემპი უცნაურია.

მისივე თქმით, ეკონომიკურ ზრდაში მაღალი წვლილი აქვთ ისეთ დარგებს, რომელთა მდგრადობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

“რამდენიმე ფაქტორი მინდა გამოვარჩიო, რატომ არის უცნაური ეს შედეგი [მარტში 10.7%-იანი ეკონომიკური ზრდა]. პირველ რიგში, ეს ეხება კრიზისს რეგიონში და შესაბამისად იმ ეფექტებს, რომელიც ვიცით, რომ უკვე აისახა ეკონომიკაზე, ვგულისხმობ ძირითადად სტუმართმასპინძლობის სექტორს და მასთან დაკავშირებულ დარგებს. ეს არის ერთი მიზეზი, რატომაც უნდა გაგვიკვირდეს ეს შედეგი.

მეორე მიზეზი არის სახელმწიფო ხარჯები. ვხედავთ, რომ ჩამორჩენაა მნიშვნელოვანი, ანუ სახელმწიფო ისევ ვერ ახერხებს დაგეგმილი ხარჯების გაწევას. პირველი სამი თვის განმავლობაში, 700 მილიონიანი ჩამორჩენაა ხარჯვით ნაწილში.

და ზოგადად პოლიტიკური ფონი, რომელიც არ უნდა უწყობდეს წესით ხელს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, მაღალი ზრდა ფიქსირდება. ვეჭვობ, რომ ისევ ICT სექტორი იქნება მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ამ ზრდის, როგორც წინა წლის პირველ კვარტალში იყო. ამიტომ მნიშვნელოვანია დაველოდოთ ჩაშლილ ინფორმაციას, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გვექნება. მე მგონია, რომ ამ მაღალი ზრდის დიდი წილი მოდის სწორედ ICT სექტორის არანორმალურ ზრდაზე.

ამას ემატება ასევე გარე ეფექტები - ჩვენ უცბად გავხდით ნავთობექსპორტიორები და, რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი არის მნიშვნელოვანი. წარმოიდგინეთ, ჩვენ შემოვიტანეთ ნედლი ნავთობი და კომპანიების ერთობლიობამ, ან შეიძლება ერთმა კომპანიამ დააგენერირა დაახლოებით 500-600 მილიონიანი ბრუნვა, როგორც ჩანს, იმიტომ რომ 200 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობია საქართველოში შემოტანილი და შემდეგ გაიტანეს [ექსპორტზე] ნავთობი. შესაბამისად, კიდევ ერთი ფაქტორი გაჩნდა ქაღალდზე [ეკონომიკური ზრდისთვის].

ვყალიბდებით ეკონომიკად, სადაც ქაღალდზე გენერირდება მაღალი ბრუნვები - ICT სერვისების ექსპორტის, ნავთობის ექსპორტის და ა.შ. და სინამდვილეში ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორები ან არ იზრდება, ან იზრდება ძალიან დაბალი ტემპით", - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ მარტში ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითი გავლენა ჰქონდა მშენებლობის დარგის გააქტიურებას, თუმცა მისი თქმით, ზემო ჩამოთვლილი მიზეზების გამო, სავარაუდოა, რომ დაფიქსირებული ზრდის დიდი წილი "მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდება".

"ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ჩანს, სამშენებლო სექტორში ხარჯვითი ნაწილი გაზრდილი არის და აქ გამოცოცხლებაა, იმიტომ რომ მშენებლობა სულ იკლებდა და ახლა დააფიქსირეს, რომ ზრდა არის. შესაბამისად, ეს ზრდის მასტიმულირებელი იყო. მაგრამ ამ ეკონომიკური ზრდის დიდი ნაწილი არის ფიქტიური. რამდენი - 4, 5, თუ 6%, მიჭირს თქმა, იმიტომ რომ არ მაქვს დეტალური მონაცემები, თუმცა ამ ზრდიდან მინიმუმ ნახევარი მხოლოდ ქაღალდზე ფიქსირდება.

შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ შედეგად საზოგადოება და ზოგადად ექსპერტული საზოგადოება ვერ ხედავს ზრდის ელემენტებს და ამავდროულად ჩვენ ქაღალდზე ახლად დანიშნული სტატისტიკის სამსახურის მენეჯმენტი გვიჩვენებს ამ მაღალ ეკონომიკურ ზრდას. ამიტომაც მე ასე ვიტყოდი, მგონი ეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა თავის დროზე, თუ შარშან იყო რაღაც პანაცეა „ქართული ოცნების“ შელახული რეპუტაციისთვის, ახლა უფრო თავის ტკივილად მეჩვენება, რადგან სხვა ყველა ფაქტორი - ეს იქნება ინფლაცია, დასაქმება თუ ხელფასები, ცუდ მდგომარეობაშია.

და ამის პარალელურად, ამხელა ეკონომიკური ზრდა პირიქით, “ქართულ ოცნებას“ უხერხულ მდგომარეობაში აქცევს. მაგრამ მიზეზი ამ უხერხული მდგომარეობის არის "უშნო" ეკონომიკური მოდელი, სადაც ჩვენ ვისწავლეთ ვირტუალური ეკონომიკური ზრდის გენერირება და ახლა სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტები, ქართული ბანკები, „ქართული ოცნება“ იყენებენ ქაღალდზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ბენეფიტებს, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა და მცირე და საშუალო ბიზნესი არის გაოგნებული, რადგან ეს არ არის ორგანული და არ ჩანს, რომ იყოს მდგრადი. შესაბამისად, ვართ ამ უცნაურ მდგომარეობაში”, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა. ჯამურად, 2026 წლის პირველ კვარტალში კი ეკონომიკურმა ზრდამ 9.1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები