მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვყიდი ბიზნესს, რათა საქართველოდან წავიდე” – ბიზნესმენი

5f8dd126ea860
ანუკა ჯოხაძე
20.10.20 00:00
10680
“ვყიდი ბიზნესს, რათა წავიდე საქართველოდან”, - ამის შესახებ BM.GE-ის ბავშვთა გასართობი ცენტრის "ქენდი ლენდის" დამფუძნებელმა გიორგი ხარებაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას 10 მარტიდან მუშაობა არ განუახლებია, შესაბამისად, ის ვეღარც - ბანკის სესხს და ვეღარც საიჯარო გადასახადს იხდის. ხარებაშვილის განმარტებით, იყო შეხვედრები ეკონომიკის სამინიტროსთან, თუმცა ამ დრომდე მათი მოთხოვნები არ დაუკმაყოფილებიათ, ამიტომ "ქენდი ლენდის" დამფუძნებელმა ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. 

“მქონდა ბანკის სესხი, შემოსავალი კი, ამ დროის განმავლობაში - ნული. საბანკო ვალდებულებებთან ერთად უნდა გადამეხადა იჯარის გადასახადიც. ფართი მაინც რომ ყოფილიყო ჩემს საკუთრებაში, ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდი. იჯარას ვერ ვიხდი, 10 მარტს დავიკეტე და უკვე ოქტომბერი სრულდება, არ მიმუშავია. მქონდა პატივი ეკონომიკის სამინისტროში, ბატონ ირაკლი ნადარეიშვილს (მინისტრის მოადგილე) შევხვედროდი, მაგრამ სამწუხაროდ, უშედეგოდ. ერთი დღე და ერთი კვირა არ დაილია, ასე გრძელდება ერთი თვეა. სანამ გამძაფრდებოდა მდგომარეობა, შრომის ინსპექციას ვთხოვდი, მოსულიყვნენ და შეემოწმებინათ, რომ ბავშვთა დაბადების დღე არ ნიშნავს ღრეობას.

ვითხოვდით 10-კაციან დაბადების დღეებზე შეზღუდვის მოხსნას. მე რომ ელემენტარული სამუშაო ხელშეწყობა მქონოდა, არ დამჭირდებოდა სახელმწიფოს დახმარება. ვითხოვდით ასევე ბანკებთან და მეიჯარეებთან შუამდგომლობასაც, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ გაითვალისწინეს. რაც კი შევიძინე აქამდე, ყველაფერი გავყიდე, ჩემს ხელში არანაირი რესურსი აღარ არის, დამრჩა მხოლოდ ბიზნესი, რომელსაც ვყიდი, რომ წავიდე საქართველოდან", - ამბობს გიორგი ხარებაშვილი.

ცნობისთვის, ბავშვთა გასართობის ცენტრი “ქენდი ლენდი” თბილისის მასშტაბით 4 ფილიალს ფლობდა, საიდანაც ერთი ფილიალი უკვე ოფიციალურად დაიხურა. დანარჩენების ფართების დაცლა კი უახლოეს პერიოდში იგეგმება.

ბავშვთა გასართობმა ცენტრებმა მუშაობა მარტში შეაჩერეს, მათი გახსნა საქართველოს დადგენილებით, ეკონომიკის გახსნის ბოლო, მეექვსე ეტაპზე იგეგმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები