„ჩვენი მთავარი მიღწევა 2019 წელს იყო წარმოების 120%-ით გაზრდა“, - ამის შესახებ BM.GE-ის სანელებლების მწარმოებელი კომპანია “Waime Spices”-ის თანადამფუძნებელმა გიორგი გოგიამ უთხრა.
„სუნელები ვაიმე“ - კომპანიამ ორიგინალური სათაურით და 800-ლარიანი ინვესტიციით ოპერირება ბაზარზე 2017 წელს დაიწყო. დღეისთვის კი, ადგილობრივ ბაზარის გარდა ქართული სანელებლები ექსპორტზეც გააქვთ.
„2019 წელი ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მაგარი იყო. 120%-ით გაიზარდა რეალიზაცია. ჩვენ გეგმაში გვქონდა, რომ 2019 წელს ყველა ქსელში ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი სუნელები, ეს გეგმა სრულად შევასრულეთ, გუდვილში, აგროჰაბსა და ევროპროდუქტში შევედით, ვიყიდებით საქართველოს მასშტაბით ბათუმში, ქუთაისში და თბილისში.
რაც შეეხება ექსპორტს, გაყიდვების მაჩვენებლები ამ მიმართულებითაც გავაუმჯობესეთ და რუსეთში, ლიეტუასა და ჩეხეთში 2019 წელს ჩვენი სანელებლების 3 600 შეფუთვა გავიტანეთ. 2018 წელს ეს რიცხვი 400 შეფუთვას შედგენდა“, - განაცხადა გიორგი გოგიამ.
კომპანიის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, სანელებლებისთვის ნედლეული კასპიდან, კახეთიდან და სამეგრელოდან ჩამოაქვთ და თბილისში აფასოებენ. მათი გაყიდვების 25% ექსპორტზე მოდის, ხოლო 75% - ადგილობრივ ბაზარზეა. გიორგი გოგიამ ბიზნესის წარმოების პროცესში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქსელურ მარკეტებში შესვლამ ბიზნესი ფინანსური პრობლემების წინაშე დააყენა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო რომ ქსელებში შესვლის შემდეგ, პროდუქციის რეალიზაცია სწრაფად გაიზარდა, ხოლო თანხის დაბრუნება 3-4 თვე იწელებოდა. ქსელში შესვლა და იქ დგომა საკმაოდ დიდი სიამოვნებაა და ქსელები აგვიანებენ ხოლმე გადახდას იშვიათი გამონაკლისის გარდა. წარმოება იმის გამო არ შეგვიჩერებია, რომ თბილისში ტარდება სთრით მარკეტები და ექსპორტზეც გაგვაქვს პროდქტი, ამან გამოგვიყვანა კრიტიკული მდგომარეობიდან“, - ამბობს „სუნელები ვაიმეს“ დამფუძნებელი.
გიორგი გოგიამ კომპანიის გეგმებზეც ისაუბრა და უახლოეს პერიოდში დესერტისთვის ექსკლუზიური ქართული პროდუქტის წარმოება დააანონსა.
„2020 წელს დავამატებთ ახალ სუნელს, რომელიც იტალიური კაკაოს ბაზაზე იქნება შექმნილი ვანილით, დარიჩინითა და ჯანჯაფილით, რომელიც განკუთვნილი იქნება დესერტისთვის. ასეთი პროდუქტი, ჯერჯერობით, ბაზარზე ქართულ წარმოებებს შორის არ არის. ჩვენთვის პრიორიტეტულია ადგილობრივ ბაზარზე გავზარდოთ ჩვენი კომპანიის ცნობადობა. რაც შეეხება ექსპორტს, ვახორციელებთ გარკვეულ კამპანიებს იმისთვის, რომ შევიძინოთ პარტნიორები; ეს იქნება ევროპის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით“, - ამბობს გიორგი გოგია.