მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის შესაძლო ინტერესები გზის ტენდერში – აუდიტის დასკვნა

5c7a6c42b3013
დავით ჯალაღონია
02.03.19 16:15
891
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლების ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.

აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი დოკუმენტებიდან ერთ–ერთი, მიქავას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრალური გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერს და მის შედეგებს ეხება.

უწყების ცნობით, ამ სამუშაოებისთვის წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი 2017 წლის 14 ივლისს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით 2,436.0 ათასი ლარი.

"სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიმწოდებელს გზის საფარის პირველი ფენა უნდა მოეწყო "შავი ღორღით", ხოლო მეორე ფენა წვრილმარცვლოვანი ასფალტობეტონით. ასფალტის საფარის პირველ ფენაში "შავი ღორღით" გამოყენება გულისხმობს საფუძვლის ბიტუმნარევი ღორღით მოწყობას. აღსანიშნავია, რომ სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად მიმწოდებელს უნდა ჰქონოდა "შავი ღორღის" მოწყობის გამოცდილება.

ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა პრეტენდენტმა – შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველომ", რომლის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებულმა ღირებულებამ 2,386.4 ათასი ლარი შეადგინა და შპს "ერ ტე დე"-მ, რომელმაც საბოლოო ფასის სახით 2,073.8 ათასი ლარი დააფიქსირა. ტენდერში დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტმა სრულყოფილად წარმოადგინა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მიუხედავად ამისა შესყიდვების კომისიამ მისი დისკვალიფიკაცია მოახდინა, რადგან მას არ ჰქონდა "შავი ღორღის" მოწყობის გამოცდილება. შედეგად, ხელშეკრულება გაუფორმდა შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველოს“, რომლის წინადადების ღირებულება 312.6 ათასი ლარით აღემატებოდა შპს "ერ ტე დე"-ს დაფიქსირებულ ღირებულებას", – წერს აუდიტის სამსახური.

სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ "შავი ღორღის" მოწყობის სამუშაოები, აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, არსებითად არ განსხვავდება მსხვილმარცვლოვანი ასფალტობეტონის მოწყობისგან, უწყება მიიჩნევს, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულება ნებისმიერ, გამოცდილ გზის მშენებელ კომპანიას შეეძლო, თუმცა გამარჯვებული "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" აღმოჩნდა.

"აღსანიშნავია, რომ შპს "წალენჯიხის საგზაო სამმართველო" არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებული კომპანია. შესაბამისად არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე გავლენა მოეხდინა შესყიდვის მიმდინარეობის პროცესზე, რის გამოც მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციაში განზრახ ჩადო ისეთი პირობა რომელმაც შესაძლოა შეზღუდა კონკურენცია და ხელი შეუწყო შპს "წალენჯხის საგზაო სამმართველოს" გამარჯვებას", – წერს აუდიტის სამსახური.

შესაბამისად, აუდიტმა დაასკვნა, რომ მუნიციპალიტეტმა სატენდერო დოკუმენტაციაში დაუსაბუთებლად ჩადო შემზღუდავი პირობა "შავი ღორღის" მოწყობის გამოცდილების შესახებ, რამაც გავლენა იქონია სახელმწიფო შესყიდვის ეკონომიურად და რაციონალურად განხორციელებაზე, რადგან ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის მუნიციპალიტეტმა განახორციელა ტენდერებზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.

"შედეგად მერიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 312.6 ათასი ლარით უფრო ძვირად შეისყიდა, რაც წარმოადგენს არაეკონომიურ ხარჯს", – აღნიშნულია დასკვნაში.

არსებული შედეგის გათვალისწინებით, აუდიტის სამსახურის რეკომენდაცია ასეთია – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ შესყიდვების განხორციელებისას მიმწოდებლებისთვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრისას, უნდა იხელმძღვანელოს იმ პრინციპით, რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კონკურენციის ამაღლებას და ამასთან უზრუნველყოს ისეთი მიმწოდებლის შერჩევა, რომელიც დროულად და ხარისხიანად შეძლებს ხელშეკრულების პირობების შესრულებას.

"მნიშვნელოვანია მერიამ მოთხოვნები მიმწოდებლების მიმართ განსაზღვროს ყოველი ცალკეული შესყიდვის შემთხვევაში ინდივიდუალურად, შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის, მოცულობისა და მიწოდების ვადის გათვალისწინებით. აღნიშნული გაზრდის კონკურენციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად და პროდუქტიულად ხარჯვას. მიზანშეწონილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს აღნიშნულის შესყიდვის პროცესში შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ქმედებები და გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები", – ნათქვამია უწყების რეკომენდაციაში.

2014 წლიდან დღემდე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას თემურ ღვინჯილია იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები