მსოფლიოში ცნობილმა საცალო ვაჭრობის ქსელმა Walmart-მა კანიე უიესტის ბრენდის Yeezy-ის ლოგოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აცხადებს, რომ კანიე უიესტის ბრენდის ლოგო სუპერმარკეტების ლოგოს ძალიან წააგავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ Walmart-მა შესაბამისი განცხადებით აშშ-ს პატენტისა და სავაჭრო ნიშნის სააგენტოს მიმართა. სააგენტოს ცნობით, Walmart-ი განცხადებაში აღნიშნავს, რომ სუპერმარკეტების ქსელის და Yeezy-ის ლოგო მომხმარებლებისთვის დამაბნევლად მსგავსია.
როგორც Walmart-ი განცხადებაში წერს, კომპანიას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Yeezy-ისთან კომუნიკაცია 2020 წლის ივლისსა და აგვისტოში ჰქონდა, თუმცა სუპერმარკეტების ქსელს დღემდე პასუხი არ მიუღია.
ამერიკული მედია წერს, რომ Walmart-ი მზის ფორმის ლოგოს 2007 წლიდან იყენებს, ხოლო Yeezy-იმ მსგავსი ფორმის ლოგოს გამოყენება 2020 წლის იანვრიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, ამჟამად კანიე უიესტის ბრენდი Yeezy-ის საბაზრო ღირებულება 6.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.