მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წარმადობა გავაორმაგეთ და 2023 წლიდან კორპორატიულ შეკვეთებზე მუშაობას ვიწყებთ - „აუგუსტი“

63b41c6fe49b9
თინათინ ნატმელაძე
03.01.23 23:25
689
საცხობების ქსელმა „აუგუსტმა“ 2022 წელი ახალი საწარმოთი, გაორმაგებული წარმადობითა და 30%-მდე ზრდით დაასრულა. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელმა, ქრისტინე მორჩილაძემ BM.GE-თან განაცხადა, 2023 წელს განსხვავებული ბიზნეს გეგმით და კორპორატიული შეკვეთების მიღებაზე აქტიური მუშაობით იწყებენ.

მისივე თქმით, ამჟამად 15 კომპანიასთან თანამშრომლობენ, 2023 წელს კი მათი რიცხვის 70-მდე ზრდა იგეგმება.

„2022 წლის ოქტომბერში ახალი საწარმო გავხსენით, რომელიც 750 კვადრატია. იგი გერმანული და იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი და დღე-ღამეში 5 000-მდე პურ-ფუნთუშეულის გადამუშავების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამ ეტაპზე 2-3 ათასს გადავამუშავებთ, რაც აქამდე არსებულ წარმოებაზე ორჯერ მეტია. საწარმოსთან ერთად არის გაყიდვის ობიექტიც და საერთო ჯამში ამ ფილიალში 52 ახალი კადრი დავასაქმეთ. გაორმაგებულმა წარმადობამ შესაძლებლობა მოგვცა, ახალ ბიზნეს გეგმაზე გვემუშავა, რაც B2B საქმიანობას, კორპორაციული შეკვეთების მიღებასა და ფურშეტების ორგანიზებას გულისხმობს. ამ ეტაპისთვის უკვე 15 კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, იანვარში კიდევ ერთ დიდ კომპანიასთან დავიწყებთ მუშაობას და საერთო ჯამში 2023 წელს პარტნიორი კომპანიების რიცხვის 50-70-მდე გაზრდას ვგეგმავთ,“ - განაცხადა ქრისტინე მორჩილაძემ.

„აუგუსტის“ თანადამფუძნებელი ამბობს, რომ 2023 წელს ყველა ფილიალში ადგილობრივი სამზარეულოს მოწყობა იგეგმება და მომხმარებლებს ასევე განახლებული მენიუ დახვდებათ:"ასეთი სამზარეულო წერეთელზე და ყაზბეგზე უკვე გვაქვს. საწარმოში მხოლოდ ნახევარ ფაბრიკატები დამზადდება, მომხმარებელი კი ადგილზე გაკეთებულ სალათებს და სენდვიჩებს მიირთმევს. ასევე შესაძლებელი იქნება, მაგალითად კრუასანის შიგთავსი მომხმარებელმა აირჩიოს და ააწყოს".

ცნობისთვის: „აუგუსტი“ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და თბილისის მასშტაბით უკვე 6 ფილიალს ფლობს, სადაც საერთო ჯამში 100 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ახალი საწარმოსთვის განკუთვნილ ინვესტიციას, ის 0.5 მილიონ ლარს შეადგენდა, რომლის ერთი ნაწილიც ბანკის სესხი, დანარჩენი კი „აწარმოე საქართველოს“ თანადაფინანსება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები