საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას განცხადებით, მთავრობა წარმოუდგენელი მასშტაბის გადამზადების პროგრამის დაწყებას გეგმავს.
ქობულიას ინფორმაციით, პროგრამის განხორციელებაში მთავრობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები დაეხმარებიან და ის, სავარაუდოდ, 2019 წლიდან დაიწყება.
მინისტრს დეტალები არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თქვა, რომ ეს იქნება ტექნიკური გადამზადების მასობრივი პროგრამა.
„ვგეგმავთ, საერთოდ წარმოუდგენელი მასშტაბის გადამზადების პროგრამებს. ჩვენ შეიძლება 40-50 ათასი ადამიანი გადავამზადოთ შემდეგი წლების განმალობაში. ამაში გვეხმარებიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო დონორები, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარებოს ბანკი, EBRD, KFW… ეს იგეგმება ახლა და 2019 წლიდან თქვენ დაინახავთ როგორი მასშტაბური პროგრამები იქნება ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გიორგი ქობულია საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ კი, მინისტრმა განაცხადა, რომ „აშშ-ის მთავრობა და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა დახმარების პროგრამებზე, რომელთაც USAID ახორციელებს საქართველოში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნიკური განათლების სფეროში მასობრივი გადამზადების პროგრამებზე.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მოვამზადოთ არა ასობით და ათასობით, არამედი ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ამერიკის მთავრობა და USAID-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.