რუსეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები, უახლოეს 2 წელიწადში, მოკრძალებული იქნება, ხოლო დასავლეთის სანქციების შესაძლო გაფართოება და მაღალი გეოპოლიტიკური დაძაბულობა, ქვეყნის პროგნოზს არაკეთილსაიმედოს ხდის, - განაცხადა მსოფლიო ბანკმა.
საფინანსო ორგანიზაცია, საქართველოს N2 სავაჭრო პარტნიორის (2018 წლის 10 თვის მონაცემებით, რუსეთზე მოდის საქართველოს მთლიანი ექსპორტის 12.8% და იმპორტის 10,3%) ეკონომიკის ზრდას წელს 1.6%-ის ფარგლებში მოელის, ხოლო 2019 წელს 1.5%-ს და 2020-თვის 1.8%-ს პროგნოზირებს.
ამასთან, რუსეთის ეკონომიკის ფუნდამეტური მაჩვენებლები, მათ შორის დიდი მოცულობის საერთაშორისო რეზერვები, რუსეთს საგარეო შოკების დაძლევაში დაეხმარება, - მიაჩნია მსოფლიო ბანკს.
„არაკეთილსაიმედო ფაქტორები დაკავშირებულია დასავლეთის სანქციების შესაძლო გაფართოებასთან და გეოპოლიტიკური დაძაბულობის დონის შენარჩუნებასთან, რაც გამოიწვევს გაურკვევლობის ზრდას და შიდა მოხმარების შემცირებას“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.