მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Weekend Medical-ი საქართველოში ნერწყვზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებს შემოიტანს

606dcc22b35b8
ვიქტორია მღებრიშვილი
08.04.21 00:10
3622
მაისის ბოლოს ბრიტანული ტესტების მწარმოებელი კომპანია Prestige Dignostics-ის ოფიციალური დისტრიბუტორი Weekend Medical საქართველოში COVID-19-ის გამოვლენის ნერწყვზე დაფუძნებულ სწრაფ ტესტებს შემოიტანს.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას იმპორტიორი კომპანიის დამფუძნებელი ბონდო გოლეთიანი აცხადებს, ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული ტესტის ნიმუშები და დოკუმენტაცია უკვე საქართველოშია და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ტესტების აღიარების პროცესი 2-3 კვირაში დასრულდება. სწორედ ამ პერიოდში იქნება ხელმისაწვდომი ნერწყვზე დაფუძნებული კორონავირუსის ანტიგენის სწრაფი ტესტები მომხმარებლისთვის. დისტრიბუტორი კომპანიის დამფუძნებელი ამ სახის ტესტების უპირატესობებს განმარტავს და ამბობს, რომ მისი გამოყენება ბევრად მარტივია.

„სწრაფი ტესტები რამდენიმე სახისაა - ანტისხეულებზე დაფუძნებული ტესტი, რომელიც სისხლის ანალიზით კეთდება; ანტიგენის სწრაფი ტესტი, რომელიც ცხვირიდან ნაცხის ანალიზით კეთდება და ახლა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება ინოვაციური პროდუქტი, რაც გამოსაყენებლად ბევრად მარტივია, ვიდრე სხვა დანარჩენი ტესტები. ამ ტესტს მოჰყვება პატარა პიპეტი, რომლითაც ნერწყვის ანალიზს იღებთ ხახიდან და ხსნით ბუფერში; ამ ბუფერული ხსნარის კასეტაზე დაწვეთებით პასუხს 15 წუთის განმავლობაში ვიღებთ.

ზოგადად, COVID-19-ის ტესტის აღება საკმაოდ არასასიამოვნო პროცედურაა, ამ შემთხვევაში კი გამარტივებულია და პროცედურის ჩატარება არაპროფესიონალს თავისი ხელითაც შეუძლია. აღნიშნული ტესტი სხვა სწრაფი ტესტებისგან იმით გამოირჩევა, რომ ის ბევრად უნდა უფრო ზუსტია და თითქმის PCR-ტესტის სიზუსტეს უტოლდება. ამასთან, ტესტის პასუხის დასადგენად დამატებითი დანადგარები არაა საჭირო, ფასიც ხელმისაწვდომია და მისი ღირებულება საშუალოდ 30 ლარი იქნება“, - განმარტა ბონდო გოლეთიანმა.

მისივე ინფორმაციით, Weekend Medical-ს Prestige Dignostics-ის წარმოების სხვადასხვა სახის ტესტები კომერციულად პანდემიის დაწყებიდან შემოაქვს და გასული წლის მაისიდან დღემდე კომერციულად, დაახლოებით, 200 000 ერთეული ტესტი აქვს შემოტანილი, როგორც - PCR, ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტები.

„ჩვენ აქტიური სარეკლამო კამპანია გვქონდა ანტიგენის სწრაფ ტესტებზე, რომელიც ჩხირის მეშვეობით ცხვირ-ხახის ნაცხით კეთდება. პირველები ვიყავით, ვინც ეს ტესტები რიტეილსექტორში ჩაუშვა და საკმაოდ დიდი წარმატებითაც. მომხმარებელს, რიგ შემთხვევაში, დრო არ აქვს ლაბორატორიაში მისასვლელად, ბევრი კი ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით სახლში ტესტირებას ამჯობინებს და ა.შ. თვეში საშუალოდ 10 000 – 15 000 ანტგიგენის სწრაფი ტესტი იყიდება, თუმცა ნერწყვზე დაფუძნებული ანტიგენის ტესტების გაყიდვების მხრივ ველით, რომ მოთხოვნა 20%-30%-ით მეტი იქნება, რადგან მისი გამოყენება უფრო მარტივია.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის უწყებიდან ახალი სახის სწრაფი ტესტების აღიარებას მივიღებთ, ტესტების შეძენა „ჯიპისის“ და „ფარმადეპოს“ სააფთიაქო ქსელებში იქნება შესაძლებელი. ეს მომხმარებელს კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას კიდევ უფრო გაუმარტივებს“, - უთხრა BM.GE-ს Weekend Medical-ის დამფუძნებელმა.

ბონდო გოლეთიანი ნერწყვზე დაფუძნებული სწრაფი ანტიგენ ტესტების სანდოობას მაღალ შეფასებას აძლევს და ირწმუნება, რომ „მსოფლიო ბაზარზე ტესტების წარმოების მიმართულებით Prestige Dignostics-ი ერთადერთი არაა, თუმცა ნერწყვზე დაფუძნებული ტესტების შემუშავებასა და წარმოებაზე დღეისთვის უკვე რამდენიმე კომპანია მუშაობს, რომელთან შედარებითაც კონკრეტულად ამ ტესტებს ყველაზე მაღალი მგრძნობელობა აქვთ.

საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო კორეული წარმოების ტესტებს ყიდულობს, რომელიც კოვიდის გამოვლენის დაბალი მგრძნობელობის გამო სხვა ქვეყნებში აკრძალულია. ჩვენ მიერ შემოტანილ ტესტებს მგრძნობელობა, დაახლოებით, 96%-99%-ია, სხვა ტესტების კი - 70%-85%-მდე, რაც შესაბამისად, ინფექციის გამოვლენის მაჩვენებლებზეც აისახება“, - აღნიშნა ბონდო გოლეთიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები