"მიმდინარე წელს დაახლოებით 140-ზე მეტი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება მოხდა, რომელთა ექსპლუატაციის ვადა გასული არ არის“, - განაცხადა "საქმის კურსთან“ საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი განცხადებით, ’’ხრუშჩოვკების“ ამორტიზაციის პროცესი მიმდინარეობს და მსგავსი შენობები 50 და ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი წლის არის და ამიტომ მათი ექსპლუატაციის ვადა გასულია ან გადის.
"ე.წ. "ხრუშჩოვკების“ ავარიული საცხოვრებელი სახლების ეტაპობრივი ჩანაცვლება მნიშნელოვანი საქმეა. ჩვენი მმართველობის პერიოდში ათამდე საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლება მოხდა. თუმცა ამას მეტი კომპლექსური მიდგომა სჭირდება. იქ, სადაც მეოთხე კატეგორიის ავარიულობა ფიქსირდება ჩანაცვლებას ვურჩევთ, ხოლო სადაც შენობები გამაგრებას ექვემდებარება ასეთი პროგრამაც გვაქვს - ავარიული შენობების გამაგრების პროგრამა“, - ამბობს ქალაქის მერი.
2014 წელს არაბ ინვესტორთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სწორედ „ხრუშჩოვკების“ ტიპის სახლების ჩანაცვლებას გულისხმობდა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა კვლავ არაბ ინვესტორებთან მოლაპარაკება, თბილისის მერი ამბობს, რომ მსგავს შემთხვევებში თბილისის მერია მზადყოფნას გამოთქვამს, ავარიული კორპუსებიდან მოსახლეობა ქირით გამოიყვანოს, თუმცა პროექტის შესრულებას სხვა პრობლემები უშლის ხელს:
„მაგალითად, დავანგრიეთ ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, ასეთ შემთხვევაში ინვესტორს მინიმუმ ორი ამდენის განვითარების საშუალება უნდა მივეცით, მან ფული უნდა ჩადოს და ხუთსართულიანი კორპუსის მოსახლეობა უნდა დააკმაყოფილოს, თავისი ნაწილიც უნდა ააშენოს, გაყიდოს და მოგებაზე გავიდეს. ხშირ შემთხვევაში ინვესტორისთვის იგივე ადგილას კორპუსის აშენება კომერციულად მომგებიანი არ არის და ამიტომ ინვესტორები ქალაქის ხელისუფლებისგან დამატებით სარგებელს ითხოვენ. ერთიანი პოტენციური მიდგომით ეს ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება და ეს მოდელია ჩვენი მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის მხრიდანაც შემოთავაზებული. არაბ ინვესტორებთან პროექტის დეტალური განხილვა არ გვქონია. მათ დღესაც რომ წარმოადგინონ კონკრეტული ხედვები, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ მათთან ვიმუშაოთ“, - ამბობს ნარმანია.

























