საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლომდე გაზიფიცირების სამუშაოებისთვის 40 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
როგორც რომეო მიქაუტაძემ BM.GE-სთან საუბრისას განაცხადა, ეს თანხა 42 დასახლებულ პუნქტში, 15 ათასამდე აბონენტის გაზიფიცირებასა და ასევე, 24 პუნქტში 2000-მდე აბონენტის საპროექტო სამუშაოებზე დაიხარჯება.
"იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული სამუშაოების განსახორციელებლად ტენდერებში ჩავარდნები იქნება, ამაზეც ვმუშაობთ, რომ მაქსიმალურად, უმოკლეს ვადებში იყოს აღმოფხვრილი და გამარტივებული ტენდერის სახით გაგრძელდე მუშაობა", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, კომპანია "სოკარმა" გაზიფიცირების კუთხით აღებული ვალდებულებები გადაჭარბებით შეასრულა და 250 ათასი აბონენტის ნაცვლად, ბუნებრივი გაზი 298 ათას აბონენტს მიაწოდა. ამჟამად კი ამ სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აგრძელებს.

























