მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს 50 ტონა მარწყვს მივიღებთ“ - მეურნეობა „პლანტველი“

64662a2916798
სალომე ხიდურელი
22.05.23 08:45
804
მარწყვის მწარმოებელი მეურნეობა "პლანტველი" მიმდინარე წელს უხვმოსავალს ელის. კომპანიის დამფუძნებელი მანანა ანჯაფარიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ 2022 წელს მეურნეობამ მუშაობა დახურულ გრუნტში მარწყვის მოყვანაზე მუშაობა დაიწყო და ძალიან კარგი შედეგი ნახა. აქედან გამომდინარე მწარმოებლები წელს მოსავლიანობის უკეთესს მაჩვენებელს ელიან. 

„მანამდე ღია გრუნტში ვმუშაობდით, რაც მარწყვისთვის წამგებიანი საქმეა, რადგან ძალიან ბევრი გამოწვევაა, თუნდაც კლიმატური პრობლემების სახით. შარშან ექსპერიმენტულად სხვადასხვა ჯიშის მარწყვიც გამოვცადეთ და ჰექტარზე 30 ტონა მარწყვი მივიღეთ, წელს სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ 50 ტონას მივიღებთ“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.

ფერმერის თქმით, წარმოების რეალიზება სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება და პროდუქტი შედარებით მაღალ საფასო კატეგორიას ეკუთვნის.

„რეალიზაცია ხდება აგროჰაბის, გუდვილისა და კარფურის ქსელებში. სარეალიზაციო ფასი სეზონიდან სეზონამდე მერყეობს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მაღალი კატეგორიის მარწყვი გვაქვს და ყველაფერი ბიო მეთოდით კეთდება, ხარჯიც მეტი გვაქვს, შესაბამისად, ფასიც განსხვავებულია.

რა თქმა უნდა, გამოწვევაა, როდესაც გაურკვეველი ხარისხის იმპორტული მარწყვი შემოდის ქვეყანაში, მაგრამ თუ ადგილობრივი პროდუქტი შესაბამის სტანდარტს და ხარისხის მოთხოვნას აკმაყოფილებს, რეალიზაციის პრობლემა არ არის. თუ ტექნოლოგიები სწორად გაქვს გათვლილი, ხარჯი სწორად გათვალე და ბიუჯეტი სწორად შეარჩიე, კონკურენცია პრობლემა არ არის - მე ამის არ მეშინია“, - აცხადებს მანანა ანჯაფარიძე.

„პლანტველის“ დამფუძნებელს სექტორის გამოწვევებზეც ვესაუბრეთ. მისი თქმით, მარწყვის მეურნეობაში ორი ძირითადი პრობლემა იკვეთება.

„ერთ-ერთი სირთულე ისაა, რომ საქართველოში ფერმერებმა თანამედროვე მარწყვის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია არ იციან. არასწორია, როცა მარწყვი 3-4 წლის განმავლობაში მოჰყავთ მაშინ, როცა ევროპაში ის ერთწლიან კულტურაში გადის. ახალ ნერგებს და ახალ ჯიშებს ახალი მიდგომები სჭირდება, საქართველოში კი არსებობს მხოლოდ სტანდარტული მოვლის ტექნოლოგია, რაც ახალი ჯიშის მარწყვთან თანხვედრაში არ არის.

მეორე პრობლემა ისაა, რომ ფერმერები ღია გრუნტში მუშაობენ, მარწყვი ძალიან სათუთია ამ დროს. წვიმა, მზე, ქარი.. ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს მარწყვის ხარისხზე და ეს პრობლემაა. როგორც ვიცი, სახელმწიფოს მხრიდან ახლა მიდის მუშაობა პროექტზე, რათა შევძლოთ უცხოელი ექსპერტების საქართველოში ჩამოყვანა, რომლებიც ცოდნას გაგვიზიარებენ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - ამბობს მანანა ანჯაფარიძე.

„პლანტველის“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მცირე შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოს აშენება იგეგმება, რისთვისაც კომპანია „დანერგე მომავლის“ სახელმწიფო პროგრამაში იღებს მონაწილეობას. მეურნეობის გაზრდის შემდეგ კი მარწყვის ექსპორტზე გასვლაც განიხილება, როგორც ცოცხალი, ისე გადამუშავებული პროდუქტის სახით.

„პლანტველი“ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში, ნატახტარში მდებარეობს. სტანდარტული სასათბურე მეურნეობისგან განსხვავებით, აქ დანერგილია იტალიური გვირაბული სისტემა, ნახევრად ღია კონსტრუქცია, რომელსაც გათბობა-გაგრილება არ სჭირდება. 1.2 ჰა-ზე გაშენებული მეურნეობა რამდენიმე თვეში 2 ჰა-მდე გაიზრდება.

„პლანტველის“ საწყისი ინვესტიცია 2018 წელს $0.5 მილიონი იყო, რომელიც მეურნეობამ რამდენჯერმე, მათ შორის ხელმისაწვდომი აგროსესხის დახმარებითაც, გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები