მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წელს 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში"

57beda9761266
BM.GE
25.08.16 15:45
2079
მინდა, სიამაყით ვთქვა, რომ დღეს აღარ არსებობს ნაპრალი ჩვენს ხალხსა და ჩვენს შორის და ადამიანის ღირსება არის ის უზენაესი, რაზეც არის დამყარებული ყველაფერი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ლენტეხის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე წარადგინა.

პრემიერმა გასული ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საარჩევნო გარემო თავისუფალია. „დღეს ქვებით არავის ხვდებიან. ცალკეული ინცინდენტების გარდა, მთლიანად, საარჩევნო კამპანია მშვიდობიანია. სატელევიზიო სივრცეში ისმის თავისუფალი აზრი - ხშირად, შეიძლება გულსატკენი, მაგრამ თავისუფალი, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება იმ სახელმწიფო პროგრამებსაც დაუთმო, რომლებიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად და გამოყო „აწარმოე საქართველოში“, რომლის ნაწილია საოჯახო სასტუმროების წახალისების პროგრამა - „უმასპინძლე საქართველოში“. პრემიერმა აღნიშნა, რომ პროგრამა, ყველა ადამიანს, ამ მიმართულებით საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის, გრძელვადიან, შეღავათიან კრედიტებს სთავაზობს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ შეიქმნას ადგილობრივი საწარმოო პოტენციალი და მოქალაქეებმა თავი უფრო წელგამართულად იგრძნონ. თუმცა, პრემიერის განცხადებით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ საწადელს მიაღწია. როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი კარგად ხედავს, რამხელა გაჭირვებაა რეგიონებში, მაგრამ აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, როგორ მიაღწიოს იმას, რომ უკვე ჩაყრილი საფუძველი თითოეული ოჯახის კეთილდღეობად გარდაიქმნას.

„წელს საქართველოში 6 მილიონამდე ტურისტს ველოდებით და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რეგიონებში რამხელა ზრდაა ტურიზმში. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს სიკეთე ყველა თქვენგანის ოჯახმა იგრძნოს. ლენტეხში მალე დასრულდება ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობა. ეს იქნება დიდი შვება ადგილობრივებისთვის და ეს ყველაფერი, მთის კანონთან ერთად, შექმნის წინაპირობას, რომ აქ დამაგრდეს მოსახლეობა და ახალგაზრდობა რეგიონის დატოვებაზე აღარ ფიქრობდეს. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ თქვენთან მოსასვლელი პირი არ გვექნება, თუ არ ავაშენეთ ლენტეხიდან მულახისკენ მიმავალი გზა, თავისი გვირაბებით. ასევე, საზაფხულო გზა უშგულის გავლით, რომელიც, ამ გზაზე მდებარე ყველა სოფლისთვის მნიშვნელოვანია. ამას ექნება უდიდესი მნიშვნელობა სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის განვითარებისთვის, თითოეული თქვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ საზაფხულო გზის მშენებლობა და გვირაბების პროექტზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა უახლოეს მომავალში დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები