სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ლაბორატორიული შესაძლებლობის განვითარება საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს ჰაერში აზბესტის და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების გაზომვა.
„ჩვენ შევძელით ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარება. ამ კუთხით გვექნება საშუალება, რომ დარიშხანი, ნიკელი, კადმიუმი, სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებები გავზომოთ ატმოსფერულ ჰაერში. ასევე საუბარია აზბესტის გაზომვის შესაძლებლობებზე, ამ კუთხითაც ლაბორატორიაში გაჩნდა ტექნიკური შესაძლებლობები.
ჩვენ ვაპირებთ როგორც ჰაერში, ისე სხვადასხვა ნივთიერებებში აზბესტის სხვადასხვა ბოჭკოს შემოწმება მოვახდინოთ“ - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ბუნებრივი მრავალფეროვნების დაცვა უნდა იყოს.
„ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრე არის ბუნებრივი მრავალფეროვნება, რომლითაც ყველა ამაყი ვართ. სწორედ ბიომრავალფეროვნების დაცვა არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა“- აღნიშნა დავითაშვილმა.

























