წელს ექსპლოატაციაში შესასვლელად დაგეგმილი ჰესების ნაწილი გეგმას ჩამორჩა
BM.GE
01.11.18 09:44
• 953
საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის თანახმად, 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 9 ჰიდროელექტროსადგურის ექსპლოატაციაში გაშვება იყო დაგეგმილი, თუმცა ქსელს მხოლოდ სამი ობიექტი მიუერთდა.
როგორც BM.GE-ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან აცნობეს, დაგეგმილი ობიექტებიდან ქსელს სამი მათგანი მიუერთდა. ესენია: „კირნათი ჰესი“, „კასლეთი 2“ და „ხეორ ჰესი“.
დანარჩენ პროექტებთან დაკავშირებით კი ასეთი ვითარებაა: „ავანი ჰესი“, „იფარი ჰესი“ და „ხელრა ჰესი“ მიმდინარე წლის იანვარში უნდა გაშვებულიყო ექსპლოატაციაში, „ხადორი 3“ - ოქტომბერში. „ჯონოული ჰესი 1“-სა და „რაჩხა ჰესის“ ამუშავების თარიღად კი 2018 წელი, კონკრეტული რიცხვისა და თვის გარეშეა მითითებული. როგორც სსე-ში განმარტეს, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ობიექტები ქსელს წლის ბოლოდე არ მიუერთდა, მათი ექსპლოატაციაში გაშვების თარიღი მომავალ წელს გადაიწევს.
ამ ვითარების შეფასებისას ენერგეტიკოსი, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი რევზ არველაძე აღნიშნავს, რომ სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, რაც დაგეგმილი პროექტების გეგმასთან ჩამორჩენას განაპირობებს.
„სახელმწიფო ელექტროსისტემა ყოველ წელს ათწლიან გეგმას ამუშავებს და სამინისტრო ამტკიცებს. თითქოს ეს არის ის დოკუმენტი, რომელიც უნდა შესრულდეს. სწორედ ამ გეგმით გათვალისწინებულია ძირითადი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ეს მშენებლობები შეჩერებულია. იქ რომელი ჰიდროელექტროსადგურების ექსპლოატაციაში შეყვანაც არის გათვალისწინებული, ჯერ-ჯერობით ისე მიდის საქმე, რომ ვერცერთი ვერ შესრულდება. აქედან გამომდინარე არის სწორედ ის დისპროპორცია მოხმარებასა და მიწოდებას შორის“, - განაცხადა რევაზ არველაძემ.