მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„წელს ექსპორტზე შესაძლოა 100 ტონა კივი გავიტანოთ“ - "არომაპროდუქტი"

609e8691a298b
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.21 23:10
1234
კომპანია „არომაპროდუქტმა“ საქართველოში მოყვანილი კივი, გასულ წელს იაპონიის ბაზარზე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამით და იაპონიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით გაიტანა.

კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ვლადიმერ გუგუშვილმა BM.GE-სთან კივის ექსპორტის დეტალებზე საუბრისას აღნიშნა, რომ პირველ ეტაპზე საქართველოდან 25 ტონა კივის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა წელს ეს მაჩვენებელი შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

"„არომაპროდუქტმა“ ოქტომბერში კივის მოგროვება კახეთსა და დასავლეთში ფერმერებისგან დაიწყო, შედეგად იაპონიაში, გასულ წელს ორი კონტეინერი კივი გავიტანეთ, რაც დაახლოებით 25 ტონაა, თუმცა წელს, შესაძლოა, ეს რიცხვი 100 ტონაც იყოს“, - აცხადებს ვლადიმერ გუგუშვილი და დასძენს, რომ პროდუქტმა იაპონიის ბაზარზე მოთხოვნები დააკმაყოფილა და მათი მხრიდან ინტერესი მზარდია.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საერთაშორისო ბაზარზე კივზე მოთხოვნა არსებობს, ადგილობრივი ფერმერების მხრიდანაც კივის ბაღების გაშენების ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. როგორც გუგუშვილი ამბობს, გასულ წელს კომპანიამ კივის ექსპორტის მიმართულებით დაახლოებით 50 ფერმერთან ითანამშრომლა, თუმცა წელს მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. „კივის ექსპორტისთვის მზადებას სექტებრიდან დავიწყებთ და წელსაც პროდუქტს იაპონიაში გავიტანთ. რაც შეეხება სხვა საექსპორტო მიმართულებებს, ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მთავარია პროდუქტი ექსპორტ-იმპორტის სტანდარტებს პასუხობდეს.

"ჩვენ მიერ პროდუქტის ექსპორტამდე აღებული ნიმუშები, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად შეესაბამებოდა“, - განმარტა "არომაპროდუქტის" მმართველმა პარტნიორმა.

ცნობისთვის: 2020 წელს კივის ექსპორტის მოცულობამ 410.5 ტონა შეადგინა, რაც 144.6%-ით აღემატება 2019 წლის მოცულობას (167.8 ტონა). თუმცა რეალიზებული პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და 363.9 ათასი დოლარი შეადგინა, ნაცვლად 336.7 ათასი დოლარისა. რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, 2020 წელს კივი სომხეთში (200.9 ათასი დოლარი, 304.7 ტ.); რუსეთსა (103.5 ათასი დოლარი, 80 ტ.) და იაპონიაში (59.5 ათასი დოლარი, 25.8 ტ.) გავიდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ყველაზე დიდი მოცულობით კივი სწორედ იაპონიაში რეალიზდა (308.5 ათასი დოლარი, 154.3 ტ.)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები