მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ინფრასტრუქტურაში 200 მლნ ლარის ინვესტირებას ვახორციელებთ - GWP-ის დირექტორი

642170b35c1d8
შოთა ტყეშელაშვილი
27.03.23 14:40
1071
GWP სემეკთან მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმის შეთანხმებაზე მუშაობს. თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანია გასულ წელს ახალი მესაკუთრის, ესპანური ჰოლდინგის “აქვალიას” შემადგენლობაში გადავიდა. დაგეგმილი ინვესტიციების და ჯგუფის სამომავლო განვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბაბუხადიამ უპასუხა. მისი თქმით, კომპანია წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაში წელს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მისი განმარტებით, ამჟამად სემეკთან მიდის მოლაპარაკებები მომდევნო სამი წლის საინვესტიციო გეგმის შეთანხმებაზე.

„დღეს ჩვენი წყალმომარაგების სისტემა და ინფრასტრუქტურა არის ურთულეს მდგომარეობაში, მისი ძირითადი ნაწილის ექსპლუატაციის ვადა ამოწურულია და საჭიროებს განახლებას - სისტემას სჭირდება სერიოზული და მასშტაბური რეაბილიტაცია, რისთვისაც აუცილებელია სოლიდური ინვესტიცია“, - ამბობს GWP-ის დირექტორი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე, ახალი ინვესტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების გუნდი, მუშაობს განვითარების გრძელვადიან და მასშტაბურ გეგმაზე, რომლის საბოლოო მიზანი მომხმარებლისთვის ხარისხიანი წყლის შეუფერხებელი მიწოდებაა.

„საქართველოში "აქვალიას" შემოსვლა იყო ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება, "აქვალია" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი კომპანიაა სასმელი წყლის მომწოდებელ კომპანიებს შორის. მისი გამოცდილების, ცოდნის და ინვესტიციების შემოტანა ჩვენი კომპანიის სტრატეგიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წელს კომპანია ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, რაც საკმაოდ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების საშუალებას მოგვცემს წლის ბოლომდე,”- განაცხადა ირაკლი ბაბუხადიამ.

“აქვალიამ” GWP-ის მფლობელი კომპანიის, GGU-ს საკონტროლო, 80%-იანი პაკეტი 2022 წელს, $180 მილიონ დოლარად შეიძინა. მომავალში აქციების დარჩენილი ნაწილის გამოსყიდვაც არის დაგეგმილი.

როგორც ცნობილია, წყალმომარაგების ტარიფები დგინდება 3 წელიწადში ერთხელ. სემეკი წყლის ახალ სამწლიან ტარიფებს 2023 წლის დეკემბერში დაამტკიცებს. ტარიფის ერთ-ერთი მთავარი მდგენელი სწორედ საინვესტიციო აქტივობაა, რაც ქსელის განვითარებისთვის არის აუცილებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები