მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

წელს, მთავრობა ტურიზმის სფეროში 1500 ადამიანის გადამზადებას გეგმავს

5c9b19fb44c1b
თელარა გელანტია
27.03.19 10:35
489
2019 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გეგმავს ინტენსიური გადამზადების კურსების უზრუნველყოფას, როგორც ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის, ასევე დასაქმების მსურველთათვის.

ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

პროფესიული გადამზადების პროგრამის ოფიციალური დაწყების ღონისძიება ამ წუთებში სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარეობს, რომელსაც ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულიაც ესწრება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრენიგები განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონში და ტურისტულად დატვირთულ ქალაქსა თუ დაბაში.
სასწავლო კურსები ჩაუტარდებათ განთავსების, კვებისა და აგრო ტურისტული ობიექტების თანამშრომლებს, კულტურული ტურიზმის და ღვინის გიდებს, სამთო გამყოლებს, მუზეუმის თანამშრომლებს; სათავგადასავლო ტურიზმის ინსტრუქტორებსა და სამთო გამყოლებს.

სულ დაგეგმილია წლის განმავლობაში 1500 ადამიანის გადამზადება.

სასწავლო კურსები ჩატარდება 20 -ზე მეტ თემატიკაში, როგორიცაა: მომსახურების უნარ-ჩვევები და სერვის +; მარკეტინგი და გაყიდვები; უცხო ენა; აგრო ტურისტული ობიექტების მართვა; პრობლემური სიტუაციების მართვა; შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მართვა; ჰიგიენა და უსაფრთხოება; პირველადი სამედიცინო დახმარება; შშმპ პირთა მომსახურების უნარ-ჩვევები; კულტურული გიდების ტრენინგი; ღვინისა და კულინარიის გიდების ტრენინგი; სათავგადასავლო გამყოლების ტრენინგი და სხვა.
ტრენინგის გავლის შემდეგ თითოეულ მონაწილეს ადმინისტრაციის მხრიდან გადაეცემა შესაბამისი სერთიფიკატი.

„უნდა აღინიშნოს, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გადამზადების პროგრამაში აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან და ორგანიზაციებთან. ასევე, ტრენინგების გეგმარების პროცესში ითვალისწინებს კერძო სექტორის კონკრეტულ მოთხოვნებს.

დღეს იწყება ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც გულისხმობს გიდების გადამზადებას, მათთვის და მთლიანად ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემატიკაში - „ტურისტული დიპლომატია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი" ტრენინგი პირველ ეტაპზე თბილისში ხორციელდება. თუმცა, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მისი ჩატარება ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში.

უახლოეს მომავალში იგეგმება ერთობლივი ტრენინგის პროგრამის განხორციელება ისეთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პლათფორმებთან თანამშრომლობით, როგორიცაა booking.com, Expedia, Airbnb.

ასევე, კულტურის სამინისტროსთან ერთად იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმების გიდების გადამზადება.

ტურიზმის ადმინისტრაცია პარალელურად მუშაობს განათლების სამინისტროსთან კერძო სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების მიერ დამატებით კადრების მომზადებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, განსაზღვრულია კონკრეტული პოზიციები რომელთა მომზადება-გადამზადება მნიშვნელოვანია ტურიზმის სფეროში (მიმტანი, მზარეული, ტურ-ოპერატორი, დიასახლისი და სხვა) მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო პროგრამების დამუშავებაზე“, - ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები