ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმრო “ესკიზის” მენეჯმენტი 2022 წლის გაზაფხულზე “ესკიზ თბილისს” გახსნის, შემდეგ კი „ესკიზ გუდაურის“ პროექტზე დაიწყებს მუშაობას.
როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ნუკი თორაძემ განუცხადა, თავდაპირველად “ესკიზ თბილისის” რესტორნის, შემდგომ კი სასტუმროს გახსნა 2021 წელს იგეგმებოდა, მაგრამ პანდემიამ გეგმები დააკორექტირა და „ესკიზ თბილისის“ სასტუმროს გახსნას წელს, გაზაფხულისთვის აპირებენ, იქამდე კი, იმედი აქვთ, რომ covid-სიტუაცია დასტაბილურდება.
80-ნომრიანი ბუტიკ-სასტუმრო “ესკიზ თბილისის” საწყისი ინვესტიცია 10 მლნ ლარია. ის მარჯანიშვილის #51-ში მდებარეობს. რესტორანი ტერასას, ლაუნჯსა და მთავარი რესტორნის სივრცეს გააერთიანებს, მომხმარებელს კი საავტორო კერძების, სასმელისა და დესერტების მენიუს შესთავაზებს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ რესტორანი 30-40 ადამიანს დაასაქმებს, 80-ნომრიანი სასტუმროს გახსნის შემდგომ კი, დასაქმებულების რაოდენობას გაზრდის.
„2022 წელს ვიმედოვნებთ, რომ ტურისტების რიცხვი გაიზრდება და covid- შეზღუდვებიც შემსუბუქდება. ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს. გაზაფხულში “ესკიზ თბილისს” გავხსნით, მომხმარებელს ჯერ რესტორანი, შემდგომ კი სასტუმრო უმასპინძლებს, ამის შემდეგ უკვე “ესკიზი გუდაურის” პროექტზე დავიწყებთ მუშაობას. აღსანიშნავია, რომ მარტიდან “ესკიზ თელავს” სპა სივრცეც დაემატება”, - ამბობს ნუკი თორაძე.
რაც შეეხება გასული წლის შეფასებას, ახალი თაობის ბუტიკ-კონცეპტუალური ქართული სასტუმროსა და ღვინის მარნის - „ესკიზ თელავის“ თანადამფუძნებელი გვიყვება, რომ სასტუმროებისა და ღვინის სექტორისთვის 2021 წელიც გამოწვევებით სავსე იყო, მაგრამ გამკლავება მაინც შეძლეს.
„ესკიზ თელავი“ 2020 წელს გავხსენით, მაშინ როდესაც პანდემია იწყებოდა. ტურისტები საერთოდ არ იყვნენ და მხოლოდ ადგილობრივ დამსვენებელზე ვიყავით დამოკიდებული. ეს ტენდენცია შენარჩუნდა და შარშანაც უმეტესად ადგილობრივ დამსვენებელს ვუმასპინძლეთ. 2021-ს თუ 2020 წელს შევადარებთ, სასტუმროს დატვირთულობის მხრივ 15%-იანი ზრდა გვქონდა, ტურისტებიც მეტად წამოვიდნენ და განსხვავებით 2020-ისგან, არც სასტუმრო დაგვიხურავს“, - აღნიშნა ნუკი თორაძემ.

























