“რუსეთ-უკრაინის ომი ყველა მიმართულებით დაგვარტყამს. წლევანდელ სეზონზე ფასები აბსოლუტურად ყველაფერზე გვექნება გაცილებით მაღალი, ვიდრე აქამდე იყო", - განაცხადა „საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა რუსეთ-უკრაინის ომის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე გავლენა იყო.
„დღეს ცხელ გულზე გადაწყვეტილებების მიღების დრო არ არის. ამაზე „მშვიდობიანობის“ დროს უნდა გვეფიქრა. ხორბლის მიმართულებით თითქმის მთლიანად რუსეთზე ვართ დამოკიდებულები, ჩვენი მოხმარების მხოლოდ 20%-მდე ვაწარმოებთ და ესეც იმაზეა დამოკიდებული, როგორი წელი იქნება", - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
მისივე თქმით, სიმინდის მიმართულებით უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს და გაცილებით ნაკლები რაოდენობის იმპორტს ვაწარმოებთ. საშუალო მოსავლიანობა საქართველოში 2 ტონა და 700 კილოგრამია, როცა ნორმალური მუშაობის პირობებში, ქვეყნის შესაძლებლობა მინიმუმ 8-9 ტონაა და საქართველო მხოლოდ იმპორტიორი კი არა ექსპორტიორიც შეიძლება იყოს.
„სამწუხაროდ, ამაში მხოლოდ მთავრობა კი არა ფერმერიც სცოდავს. ჩვენთან სოფლის მეურნეობა მოძველებული ტექნოლოგიებით იმართება. გამოცდილებისა და სპეციალისტების ნაკლებობაა, თორემ ფინანსური ხელშეწყობა ფერმერებს ყოველთვის ჰქონდათ", - აღნიშნა გონაშვილმა.
„მეცხვარეთა ასოციაციის“ თავმჯდომარის აზრით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე ტექნოლოგიებთან ფერმერების წვდომაა, თუნდაც თავიანთი რესურსებით. "მათ კარგად უნდა აწონ-დაწონონ და პირველი ნაბიჯები მცირე მასშტაბზე გადადგან. ყველას კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ ფერმერს შედეგები ერთ და ორ წელიწადში არ უდგება, ამისთვის დიდი დროა საჭირო", - აღნიშნა ბექა გონაშვილმა.