პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი კომპანია „ფუდ-ალიანსი“ საწარმოს აფართოებს და მიმდინარე წელს წარმადობის 50%-ით გაზრდას გეგმავს, - ამის შესახებ BM.GE-ს კომპანის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კოხრეიძემ განუცხადა. მისივე ცნობით, ეს გადაწყვეტილება გასულ წელს მოთხოვნის მკვეთრი ზრდიდან გამომდინარე მიიღეს.
„ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე 2022 წელს, დაახლოებით სექტემბრის თვიდან, წარმოება 50%-ით გავზარდეთ, ამჟამად დღიურად შვიდ ტონა პურ-ფუნთუშეულს ვაწარმოებთ, გასულ წელს კი დღიურად 4,5 ტონა პროდუქტს გადავამუშავებდით.
გაიზარდა ჩვენი პარტნიორი ქსელების რაოდენობაც და უკვე არსებულ ქსელებთან თანამშრომლობა გავაღრმავეთ. აქედან გამომდინარე, ამჟამად საწარმოს გაფართოება მიმდინარეობს, მაისის თვეში უკვე დასრულებული იქნება და მიმდინარე წელსაც კვლავ 50%-ით გავზრდით წარმადობას“ - განაცხადა ვახტანგ კოხრეიძემ.
კომპანია გასულ წელს საექსპორტო ბაზრებზეც მუშაობდა, თუმცა კოხრეიძე გვიყვება, რომ გამომდინარე იქიდან, რომ 2022-ში სრულად ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებაზე იყვნენ ორიენტირებული, ექსპორტის საკითხი 2023 წლისთვის გადადეს და გაზრდილი წარმადობის შემდეგ ამ საკითხზე აქტიურ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
რაც შეეხება გამოწვევებს, „ფუდ ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მთავარი სირთულე ნედლეულის ფასის ზრდა იყო, თუმცა მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ პროდუქციის ფასი არ შეეცვალათ, ამ ეტაპზე პურ-ფუნთუშეულის საფასური მინიმალურად აქვთ გაზრდილი.
ინფორმაციისთვის, კომპანია ბაზარზე პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, საწარმო ნატახტარში მდებარეობს და კრუასანის, ხაჭაპურის, ლობიანის და ა.შ. შოკური გაყინვის შემდეგ საქართველოში არსებული რითეილ ქსელების დიდ ნაწილს ამარაგებს.
„ფუდ ალიანსში“ ამჟამად 140 ადამიანია დასაქმებული.