მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Wempler-მა საწყისი საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში $300K-ზე მეტი მოიზიდა

Wempler

ქართულმა სტარტაპმა, Wempler, რომელიც მომხმარებლებს ყოველდღიურად საჭირო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და პირებთან აკავშირებს, pre-seed (სტარტაპების დაფინანსების საწყისი ეტაპი) რაუნდში $310 000 მოიზიდა - ამის შესახებ Wempler-ის თანადამფუძნებელი, ალექსანდრე თავხელიძე LinkedIn პლატფორმაზე წერს. ინვესტიციების მოზიდვის ხანგრძლივ პროცესზე BM.GE-ს იგი თავად ესაუბრა.

“როცა სტარტაპი ჩავუშვით, ინვესტიციის მოზიდვა ძალიან გვიჭირდა. Shark Tank-ის 100 000 ლარი ზუსტად 3 თვეში დაიხარჯა და დავიწყეთ თანხების მოძიება, მაგრამ ძალიან დიდ ხანს არ მიდიოდა ისე, როგორც გვინდოდა. 

პირველი, რაზეც სტარტაპი ფიქრობს, როცა ფული სჭირდება, არის GITA და რა თქმა უნდა, ჩვენც დავიწყეთ GITA-ს გრანტზე მუშაობა. სამწუხაროდ, 2-ჯერ საფინალო ეტაპზე ვერ გავედით, 3-ჯერ კი წავაგეთ. ყველაზე მტკივნეული ალბათ ინვესტორების უკუკავშირი იყო, რომ იდეა უნდა შეგვეცვალა, რადგან ძველი იყო, ვიღაცას უკვე უცდია და არ გამოუვიდა. რაღაც პერიოდი დავფიქრდით, იქნებ მართლები არიან-თქო. მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ შეიძლებოდა რაღაც გამოსულიყო ამისგან”, - ამბობს Wempler-ის დამფუძნებელი.

20-მდე წარუმატებელი საგრანტო კონკურსის შემდეგ სტარტაპმა პირველი დაფინანსება BTU-ს სტუდენტური პროგრამით შეძლო, რამაც კომპანიისთვის ახალი შესაძლებლობები გააჩინა.

“საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისას ბეწვზე იყო კომპანია, არანაირი ფინანსური საშუალებაა არ გვქონდა მის გასაზრდელად. სესხიც ავიღეთ დამფუძნებლებმა, რომ კომპანიას ეცხოვრა. ბევრ კონკურსში ვმონაწილეობდით და ვაგებდით, ინვესტორებს ველაპარაკებოდით და უარს გვეუბნებოდნენ. 

ამ ზაფხულს, BTU-ს ჰქონდა სტუდენტური 5 000 ლარიანი კონკურსი, სადაც, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ. იმ ღამესვე წავედით ბათუმში GITA-ს საფინალო ეტაპზე გამოსასვლელად და იქაც მოვიგეთ. შემდეგ “მედია ლაბის” კონკურსიც გავიმარჯვეთ და ინვესტორების მხრიდან დაინტერესებაც გაჩნდა. აგვისტოს თვეში 200 000 დოლარი მოვიზიდეთ, რითაც ჩვენი pre-seed რაუნდი 310 000 დოლარით დავხურეთ და 300 000-იან მიზანს გადავაჭარბეთ”, - ამბობს თავხელიძე.

Wempler-ის დამფუძნებლის თქმით, კომპანიას პირველად აქვს შესაძლებლობა, განვითარებაზე ფინანსური პრობლემების გარეშე იფიქროს. შემოსული ინვესტიცია საქართველოს ბაზრის ათვისებას მოხმარდება.

“დავიწყებთ საქართველოს ბაზრის, თბილისის პოტენციალის ათვისებით. აქამდე საერთოდ არ გვქონდა საშუალება, რომ აქტიური მარკეტინგით მიგვეღო დავალებები. რა აქტივობაც გვქონდა power of word-ის დამსახურებაა, Shark Tank-დან პოპულარობაც შევინარჩუნეთ.

2023 წლის ბოლომდე თუ ყველაფერი კარგად წავიდა, გვინდა, რომ აზერბაიჯანში წავიდეთ და პატარა მოძრაობები დავიწყოთ, ექსპანსიისთვის მოვამზადოთ კომპანია”, - აღნიშნავს სანდრო თავხელიძე სამომავლო გეგმებზე საუბრისას.

Wempler არის პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ადამიანებს, ვისაც სურთ თავიანთი ყოველდღიური ერთჯერადი დავალებების, მაგალითად, ტვირთის გადაზიდვის, სამღებრო სამუშაოების, ძაღლის გასეირნების -  გადაბარება სხვა უფრო კვალიფიციურ კადრებზე, ვისაც დავალების შესასრულებლად შესაბამისი დრო და უნარები აქვთ. აპლიკაცია ბაზარზე 2023 წლის აპრილიდან გამოჩნდა და ერთ კვირაში 10 000 გადმომწერი დააგროვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები