წერილის ორიგინალი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე, - ამის შესახებ "თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მან მუქარის წერილი დღეს წარადგინა გამოკითხვაზე.
“წერილში რა წერია ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რადგან კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გადაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე”, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის წერილი შს მინისტრისგან გიორგი გახარისაგან წინასაარჩევნო პერიოდში მიიღო. სწორედ ამ საკითხზე იყო მისული ის დღეს გამოკითხვაზე საქალაქო სასამართლოში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცვლი წერილი მისწერა. ხაზარაძემ დასძინა, რომ მან ამ წერილთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვისას ისაუბრა.
თავის მხრივ, აღნიშნულ თემაზე განმარტება პროკურატურამ გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ხაზარაძემ საგამოძიებო უწყებაში მუქარის შემცველ წერილზე განაცხადა, თუმცა იქ გიორგი გახარიაზე არაფერი უთქვამს.
“მამუკა ხაზარაძე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის წინაშე მოწმის სახით გამოიკითხა 2018 წლის 26 დეკემბერს.
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას მიუთითა, რომ მან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო მუქარის შემცველი წერილი, სიმართლეს არ შეესაბამება.
გამოკითხვისას ხაზარაძემ ყურადღება გაამახვილა მხოლოდ ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, მისი და ბადრი ჯაფარიძის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ, რომელიც ხაზარაძემ მუქარად აღიქვა. მან ასევე, აღნიშნა, რომ 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურებოდა მათი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, რაც ავტომატურად შეაჩერებდა ანაკლიის პორტის დაფინანსებას.
ამონარიდი მამუკა ხაზარაძის ჩვენების ოქმიდან:
„ჩემი ღრმა რწმენით, ღრმა რწმენით არა, ასე ვთქვათ ვარაუდს გამოვთქვამ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წერილი, რომ ჩვენ შეიძლება დავტოვოთ ჩვენი თანამდებობები და ესე დაჩქარებულად 11 წლის წინანდელი საქმის ყველა უწყებაში ფორსირება ემსახურება ერთ რამეს, ჩვენი იმიჯის საერთაშორისო შელახვას, რაც ავტომატურად გააჩერებს ანაკლიის პორტის დაფინანსებას. ამას ვაცხადებ მთელი კატეგორიულობით. მსგავსი წერილი მე მივიღე ამ მუქარით და როცა საჭირო იქნება მე ამ წერილს გავასაჯაროვებ, თუ როგორ გვემუქრებიან სწორედ ესეთი სიტყვებით.“
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მამუკა ხაზარაძეს არაფერი უთქვამს რაიმე წერილის თაობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან”, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებში.

























