მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.
პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. დაინტერესებულ პირებს, წინადადებების წარდგენა 13 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
"სოფელ წეროვანში არსებული წყალმომარაგების სისტემა მოძველებულია, რის გამოც მოსახლეობას წყალი დღის განმავლობაში 7 საათით მიეწოდება. რეაბილიტაციას საჭიროებს არსებული სატუმბო სადგურიც.
სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა და რეზერვუარები, გარდა ამისა რეაბილიტირდება არსებული სატუმბო სადგური.
პროექტის შედეგად, სოფელ წეროვანის მოსახლეობა სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 13 თვეში უნდა დაასრულოს", – წერია წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.