მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WHO-ს ქართულ ოფისს მედიკამენტების ფასების რეგულირების რეკომენდაცია აქვს

60f02e026eda3
ინგა მურუსიძე
15.07.21 16:34
816
WHO-ს რეკომენდაციით, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული ფინანსური სიდუხჭირის შესამცირებლად საჭიროა ჯანდაცვაში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა და მედიკამენტების ფასების რეგულირება, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის მიერ ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით გავრცელებულ 129 გვერდიან კვლევაში. დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საკითხს მედიკამენტების ფასების შესახებ.

„ჯანდაცვის სერვისების ფასების სუსტი რეგულირება და პროვაიდერის შესაძლებლობა პაციენტებს ზედმეტი თანხა დააკისროს, ხელს უწყობს ჯიბიდან მაღალ გადახდებს და ოჯახების გაღატაკებას.

არაფორმალური გადასახადების აღმოფხვრის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, საქართველოში პროვაიდერებს შეუძლიათ დაადგინონ საკუთარი ფასები და პაციენტებს მოთხოვონ გადაიხადონ განსხვავება ფასსა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით დადგენილ ტარიფს შორის“, - ნათქვამია ჯანმოს ქართული ოფისის კვლევაში.

რაც შეეხება რეკომენდაციებს, ჯანმო გამოდის რეკომენდაციით, რომ მხოლოდ დამატებითი სახელმწიფო ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროში არ არის საკმარისი მოსახლეობის ფინანსური დაცვის გასაძლიერებლად. ასევე საჭიროა საყოველთაო ჯანდაცვის მოცვის უკეთესი პოლიტიკა და ფასების(მათ შორის მედიკამენტების ფასების) რეგულირება.

ჯანდაცვაში ნებისმიერი დამატებითი ინვესტიცია უნდა იქნას მიმართული ღარიბი ოჯახებისა და ჯანდაცვის სერვისების რეგულარული მომხმარებლების უფრო ძლიერი დაცვისკენ“, - ნათქვამია ჯანმოს რეკომენდაციებში.

დოკუმენტის შესავალში კვლევის ავტორები ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით წერენ, რომ ჯიბიდან გადახდების (69% 2018 წელს) ყველაზე დიდი წილი რეგულარულად მოდის მედიკამენტებზე, მას მოსდევს სტაციონარული (14%), და ამბულატორიული მომსახურება (11%).
 
ჯანმოს რეკომენდაციებამდე ფასების რეგულირების თემაზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მან ჯანდაცვის განვითარების 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე თქვა, რომ "სახელმწიფო და მოქალაქეები მედიკამენტების ფასების მძევლად არიან ქცეულნი; საჭიროა, მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება".



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები