მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წიგნის გამომცემელთა ასოციაცია უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობაზე განცხადებას ავრცელებს

640093d749b64
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.23 16:02
720
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონპროექტები ეწინააღმდეგება მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებებს.

BM.GE საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ვეხმაურებით საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“.

მიგვაჩნია, რომ ამ კანონპროექტების არსი ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქეების არაერთხელ დადასტურებულ ევროპულ მისწრაფებებს, მიზნად ისახავს სამოქალაქო აქტივიზმის დისკრედიტაციას და ზღუდავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ახლა, როცა ჯანსაღი ძალების გაერთიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამგვარი კანონპროექტების განხილვაც კი აზიანებს ქართული სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს და იწვევს დაძაბულობას ქვეყნის შიგნით. საქართველოს პარლამენტი დღეს აქტიურად უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან, რათა გაგრძელდეს ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელი რეფორმები და დროულად მოვახერხოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ, რომ რეალურად დავაღწიოთ თავი აგრესორი რუსეთის გავლენის სფეროს.

მოვუწოდებთ ქართველ პარლამენტარებს, გაიხსენონ და გაიაზრონ წარსულის მწარე გაკვეთილები. ნუ დაუშვებთ შეცდომას, რომელიც ლაქად დააჩნდება თითოეული თქვენგანის ბიოგრაფიას და ჩვენი ქვეყნის ისტორიას“, - ნათქვამია განცხადებაში.


ცნობისთვის: "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტების შესახებ ნეგატიური შეფასებები ევროკავშირის და აშშ-ის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები