წინანდალში ,,რადისონ ქოლექშნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვილები და ბავშვთა პარკი აშენდება.
ამის შესახებ ,,სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს იქნება წინანდლის კომპლექსის განვითარების მომდევნო ეტაპი, რომელიც ორ წელში დასრულდება.
„აშენდება 30 ვილა, ბავშვთა პარკი და აუზები, რაშიც დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. აქვე დაგეგმილია სამვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობაც, რომელიც 70 ნომრისგან შედგება. ის ძირითადად იმ სტუმრებზე იქნება გათვლილი, ვინც მუსიკალურ ფესტივალზე დასასწრებად ჩამოვლენ“, - განაცხადა გიორგი რამიშვილმა.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი წინანდლის მამულში, 2019 წლის სექტემბრიდან გაიმართება. ის საქართველოს მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
ფესტივალის ფარგლებში, ახალგაზრდა მუსიკოსებს მუსიკალური აკადემია მიიღებს. ჩამოყალიბდება პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად გამართავს კონცერტებს.
ფესტივალის საკონცერტო პროგრამაში მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ”რადისონ ქოლექშენი“ მაღალი კლასის სასტუმროა, რომელიც წინანდლის მამულში მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნა. ეს არის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ბაღის მიმდებარედ, ეკოლოგიურ გარემოშია განთავსებული. სასტუმრო 142 ნომერს, საკონფერენციო და საზეიმო ღონისძიებათა დარბაზებს, ბიბლიოთეკას, ღია და დახურულ რესტორნებს, სპა-ცენტრს, აუზსა და ფიტნეს-კლუბს აერთიანებს.
წინანდლის მამული 1690 წლიდან ჭავჭავაძეების ოჯახის საკუთრება იყო. ამ ისტორიული კომპლექსის რეაბილიტაცია „სილქ როუდ ჯგუფმა“ 2007 წლიდან დაიწყო.
პროექტის მიზანია, კომპლექსის საერთაშორისო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, კულტურულ და ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბება.
წინანდლის ისტორიულ კომპლექსში განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 60 მილიონი დოლარია.

























