მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლებია, ბუნებრივი აირის მიწისქვეშა ქსელს ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს"

5c4040cdb34d5
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.19 13:25
1613
"ყაზტრანსგაზის" დირექტორის ყოფილი მოადგილე სოსო სიმონიშვილი bm.ge-თან აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მიწისქვეშა ქსელს ექსპლუატაციის ვადა წლებია გასული აქვს და ის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც სიმონიშვილი აცხადებს, მიწისქვეშა და მიწისზედა ქსელების დიაგნოსტიკა რამდენიმე წლის წინ “ყაზტრანსგაზში” მუშაობის დროს ჩაატარა.

მისი ინფორმაციით, თავის დროზე, როდესაც კომპანია “თბილგაზი” ყაზახ ინვესტორებს მიჰყიდეს, უცხოელ პარტნიორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ქსელში არსებული ვითარების შესახებ, შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ სისტემა “კატასტროფულ მდგომარეობაში” იყო.

სიმონიშვილის თქმით, წლების წინ ბუნებრივი აირის სისტემის მიწისზედა ქსელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამერიკიდან და ბრიტანეთიდან მოზიდული ინვესტიციებით, თუმცა, მიწისქვეშა ქსელის შეკეთება მხოლოდ ფრაგმენტულად მოხდა, რაც “გაცვეთილ ტანსაცმელზე საკერებლების დაკერებას” ჰგავდა.

"ყველა სისტემას აქვს ექსპლუატაციის ვადა და ამ ქსელს 2,5-ჯერ გაუვიდა ვადა. საერთოდ ქალაქის მიწისქვეშა ქსელს უნდა ჰქონდეს ელექტრო ქიმიური დაცვა, ამ შემთხვევაში ექსპლუატაციის ვადა 25 წელია. ასეთი ქსელის არარსებობის შემთხვევაში კი, ექსპლუატაციის ვადა 2-ჯერ ნაკლებია. ელექტრო ქიმიური დაცვის ქსელი კი ქვეყანაში 1998-99 წლებიდან აღარ არსებობს, თავად სისტემა კი, 1960-იანი წლებიდან მუშაობს",- აცხადებს სიმონიშვილი.

მისივე ინფორმაციით, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ქსელის რეაბილიტაცია მოხდა, თუმცა, უხარისხო მასალებით, რამაც შესაბამის შედეგამდე მიგვიყვანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები