"წლების განმავლობაში ტოპ–ინვესტორებში ქვეყნების და კომპანიების სახელები არ იცვლება"
ლევან თაღიაშვილი
12.03.19 11:10
• 1164
ISET-ის მკვლევარმა დავით კეშელავამ "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ მშენებლობის სექტორში ბოლო პერიოდში, დადებითი მოლოდინები არ შეინიშნება. მისი თქმით, როგორც მიწოდების, ასევე მოთხოვნის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეფერხებებია.
"FDI-ს შემცირებასთან დაკავშირებით არსებობს ობიექტური მიზეზები, თუმცა ცხადია, სუბიექტური მიზეზებიც გვაქვს. მშენებლობის სექტორში, როგორც გააკეთა ეკონომიკის სამინისტრომ განმარტება, მოხდა რეზიდენტების ცვლილება, თუმცა მხოლოდ ამით არ აიხსნება FDI-ს შემცირება ამ სექტორში. ბოლო პერიოდს თუ დავაკვირდებით, დადებით მოლოდინები არ გვაქვს", - განაცხადა მან.
კეშელავა საბანკო სექტორში განხორციელებულ ცვლილებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ რეგულაციების ტალღა 2019 წელსაც იმოქმედებს FDI-ზე.
"საბინაო მშენებლობაში ნებართვების გაცემა შეფერხებულია, ასევე შეზღუდვა გვაქვს სესხების მიმართულებით, რაც ცალსახად შეეხება იპოთეკურ სესხებსაც, თუმცა ამან გავლენა მოლოდინების კუთხით იქონია, რადგან რეგულაციების მეორე ტალღა 2019 წელს ამოქმედდა. წელს ამას ეფექტი აუცილებლად ექნება", – აღნიშნა კეშელავამ.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტოპ–ინვესტორი ქვეყნების და კომპანიების სახელები წლების განმავლობაში არ იცვლება, რაც უარყოფითი ფაქტია.
"აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანაში საფინანსო სექტორი ვითარდება, ეკონომიკურ ზრდაში მისი წილი არის მნიშვნელოვანი, თუმცა ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები დადებითად ვერ იმოქმედებს. წლების განმავლობაში ტოპ–ინვესტორებში ქვეყნების და კომპანიების სახელები არ იცვლება, რაც კარგი არ არის. რამდენიმე მსხვილ პროექტზეა FDI დამოკიდებული და სამწუხაროდ, არ გვაქვს სიახლეები", - განაცხადა კეშელავამ.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს FDI, 2017 წელთან შედარებით, 35%-ით შემცირდა.