მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"წლის ბოლომდე, ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობის 1000 ჰექტარამდე გაზრდა იგეგმება"

59116a857bf3c
BM.GE
09.05.17 11:05
1424
"ქართული ჩაის" პროგრამაში ამ დროისთვის 17 ბენეფიციარია ჩართული. პროგრამის ფარგლებში კი 500 ჰექტარზე მეტი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია ხორციელდება. „ქართული ჩაის“ პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე "საქმის კურსთან" საუბრისას ამბობს, რომ წლის ბოლომდე ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობის რაოდენობის 1000 ჰექტარამდე გაზრდა იგეგმება.

"როდესაც ეს პროგრამა ჩაეშვა, ჩვენი მიზანი იყო, რომ ბევრი არსებული გაველურებული პლანტაცია აგვეთვისებინა და მისი რეაბილიტაცია მოგვეხდინა, რადგან ეს პოტენციალი ეფექტურად გამოგვეყენებინა, თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ჩაის ნედლეული ბაზარზე გაჩენილიყო. ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. ასევე პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია.

ჩაის მწარმოებელ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად ჩინეთი და კენია კონკურენციას ვერ გავუწევთ. ჩვენი ერთადერთი საშუალება ბაზარზე ხარისხობრივი ნიშის დაჭერაა, რადგან დღესდღეობით ევროპაში ხარისხიანი ჩაის პროდუქტზე მოთხოვნა მზარდია.

თითქმის ყველა ბენეფიციარი ბიო პროსდუქტის წარმოებით არის დაინტერესებული. ხელისშემწყობი ფაქტორი ისიც არის, რომ ამ პლანტაციებს დაახლოებით 25 წელია არავინ არ შეხებია და ნიადაგი ბიო პროდუქტის საწარმოებლად სუფთაა“, - ამბობს ლევან უროტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები