მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე ჩვენი მომხმარებელი ქსელის გაუმჯობესებას იგრძნობს - "სელფი მობაილის“ გენდირექტორი

64458e03de667
თამთა ჯიჯავაძე
23.04.23 23:55
1514
სტატიაში საუბარია:
წლის ბოლომდე ჩვენი მომხმარებლები ქსელის გაუმჯობესებას იგრძნობენ - ამის შესახებ გადაცემა „Forbes-კვირაში“ "სელფი მობაილის“ გენდირექტორმა, ვასილ ბერიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის საზრუნავი და ინვესტიციები სწორედ ქსელის გაფართოებისა და გაუმჯობესებისკენაა მიმართული.

„ტელეკომის ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მძაფრია. ჩვენ ინტერნეტის და ციფრული მიმართულებით ლიდერები ვართ. ჩვენი სააბონენტო ბაზის მომხმარებელთა 95% არის ინტერნეტის მომხმარებელი, მაშინ როდესაც ჩვენი კონკურენტების შემთხვევაში, იგივე მონაცემი 60-80%-მდეა. ანუ ჩვენი მომხმარებელი უფრო ფართოდ იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შესაბამისად, ჩვენი დაპირებაც და სამომავლო შეთავაზებებიც ამ მიმართულებით წარიმართება.

არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს შემიძლია ვუთხრა, რომ პირველი შეკვეთები ქსელის გაუმჯობესებისთვის უკვე გაკეთებული გვაქვს და იმედია, პირველ შედეგებს ჩვენი მომხმარებელი წლის ბოლომდე იგრძნობს. ისინი ნახავენ ჩვენი ქსელის ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა „სელფი მობაილის“ გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, „სელფი მობაილი“ ყოფილი "ბილაინია", რომელმაც მიმდინარე თვის დასაწყისში რებრენდინგის შესახებ განაცხადა. რებრენდინგის ფარგლებში კომპანია "სელფის" სახელით აგრძელებს ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ მობილური ოპერატორი დღეისთვის 1.3 მილიონ აბონენტს ემსახურება.

როგორც ცნობილია, კომპანია „ვიონი საქართველო“, იგივე „სელფი მობაილი“ 2022 წელს მსხვილმა ქართულმა ბიზნეს ჯგუფმა CBS-მა შეისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სრულად ქართული კომპანიაა.

"სელფის" ბრენდის მფლობელი CBS მომდევნო წლებში კომპანიაში რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც მათი ქსელის გაფართოებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას მოხმარდება.

კომპანიის დირექტორი ვასილ ბერიშვილი აცხადებს, რომ ისინი ქვეყანაში 5G ტექნოლოგიის განვითარებით დაინტერესებული არიან. მისი თქმით, ამ ეტაპზე სალიცენზიო პირობებზე შესაბამისი მოლაპარაკებები მარეგულირებელთან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები