თბილისში ცივი პლასტით ქვეითთა გადასასვლელების დახაზვა გრძელდება. თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, "ზებრები" უკვე მოეწყო მარჯანიშვილის თეატრთან, ვეფხი და მოყმის ძეგლთან, ბელიაშვილის ქუჩაზე "გალფის" ბენზინგასამართ სადგურთან და ცაბაძისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთასთან. მომდევნო კვირის ბოლომდე ქვეითთა გადასასვლელები 6 ბაგა-ბაღთან დაიხაზება. ორფეროვანი, ან ერთფეროვანი „ზებრები“ სპეციალური შუშის ბურთულაკებით იფარება, რაც ხელოვნური განათებისას ბზინავს და მაღალ ხილვადობას უზრუნველყოფს.
წლის ბოლომდე დედაქალაქში ცივი პლასტით მიახლოებით 250-300 ქვეითთა გადასასვლელი დაიხაზება.
სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში ახლადგამარჯვებული „ელიტ ტექნოლოჯი“, რომელიც პროექტს 20-წლიანი ევროპული გამოცდილების მქონე ბელორუსული „სტიმის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

























