მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წლის ბოლომდე თბილისში "აგროჰაბის" კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება

6464ab69dc3fb
სალომე ხიდურელი
17.05.23 15:10
5981
სტატიაში საუბარია:
რამდენიმე კვირის წინ, "აგროჰაბმა" ახალი მარკეტი საბურთალოზე, უფრო ადრე კი 3000 კვ.მ. ფართობზე განთავსებული „აგროჰაბის“ ცენტრალიზებული საწარმო გახსნა. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ლაშა გოცირიძე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნავს, ახალმა საწარმომ მარკეტების ქსელის გაფართოების შესაძლებლობა გააჩინა.

„ჩვენ რაც გავაკეთეთ ესაა, რომ ბაზა მოვამზადეთ შემდგომი გაფართოებისთვის. ზუსტად ამას ემსახურება ცენტრალიზებული საწარმო, ასევე მოხდა ჩვენი რძის საწარმოს გადაიარაღება, დანადგარების სიმძლავრის გაზრდა... რათა ახალი ფილიალები, ახალი სავაჭრო წერტილები, იგივე ტრადიციული ხარისხის პროდუქტით მოვამარაგოთ. ჩვენი საწარმოს წარმადობა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ შემდგომ ფილიალებსაც მოემსახუროს“, - ამბობს ლაშა გოცირიძე.

მისი თქმით, ახალი საწარმო უკვე აერთიანებს მრავალ მიმართულებას, თუმცა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ისევ აქტიურად მიმდინარეობს.

„ეს არის თანამედროვე, ყველანაირი ევროპული სტანდარტის დაცვით შექმნილი საწარმო, რომელიც მოიცავს ბევრ მიმართულებას, მათ შორის: ხორცპროდუქტების, საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატები, საკონსერვო მიმართულებებს...

გვინდა, სრულიად ახალი ხაზი ჩავუშვათ, თევზის კულინარიის სახით, ჩამოსულია გერმანელი თევზის ტექნოლოგი და ახლა მიდის ამ ტექნოლოგიის დანერგვა“, - ამბობს ლაშა გოცირიძე.

„აგროჰაბის“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას, კომპანიის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ წლის ბოლომდე თბილისში კიდევ ერთი მარკეტი გაიხსნება.

„წლის ბოლოს სანაპიროზე, ე.წ. „სასწრაფოების“ ტერიტორიაზე, იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა. უკვე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები, ამბიციური გეგმები გვაქვს და გვინდა წელსვე გავხსნათ. 2024 წელს კი ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნება კიდევ ერთი ფილიალი, შემდეგი გეგმები კი უკვე რეგიონებს ეხება. ახალი საწარმოს წარმადობა საკმარისი იქნება ორივე ახალი ფილიალისთვის და მეტისთვისაც“, - განაცხადა ლაშა გოცირიძემ „საქმიანი დილას“ ეთერში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალიზებული საწარმოს პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონი ლარია, საიდანაც 8.5 მილიონი „საქართველოს ბანკმა“ გამოყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები